ახალი ამბებიეკონომიკა

გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად ყურძნის ფასი ისევ დაბალია

23 სექტემბერი, 2017 • 6343
გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად ყურძნის ფასი ისევ დაბალია

იმის მიუხედავად, ქართული ოცნების დამფუძნებელი ჯერ კიდევ 2012 წელს აცხადებდა, რომ ყურძნის ფასი არ შეიძლება იყოს 1 ლარზე ნაკლები, დღემდე რქაწითელსა და მწვანეს ფერმერები 70–80 თეთრზე ძვირად ვერ ყიდიან. ამასთან, წელს რთველი ისე მიმდინარეობს, რომ მთავრობა სახელმწიფო სუბსიდიას აღარ გასცემს.

თამარ დიღმელაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

“ხვალ უნდა დავკრიფო მწვანე,  რქაწითელი და საფერავი. “კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” მითხრა, რომ ჩემს ყურძენს 75 თეთრად ჩაიბარებს”, – გვითხრა მან.

დიღმელაშვილის თქმით, ამ 75 თეთრიდან 15 თეთრი ხარჯია, რაც ყურძნის მოყვანისთვის გაიღო.

“75 თეთრს რომ გამოვაკლოთ 15 თეთრის ხარჯი, 60 თეთრი გამოდის. ეს საკმაოდ ცოტაა,”-აცხადებს ფერმერი.

გიორგი გოგიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ამბობს, რომ შარშან ყურძენი 70 თეთრად ჩააბარა და წელსაც მოსავლის ნაწილის გაყიდვა ამ ფასად შეძლო, თუმცა, მისი თქმით,  დღეს 10 ტონა ყურძენს 80 თეთრად აბარებს ქარხანას.

მთავარ პრობლემად ფერმერი ფასების არასტაბილურობას და მის ხშირ ცვლილებას უკავშირებს:

“ფასი ასე იცვლება. რა ხდება, ვერ გავიგე. ფასი დადგენილი თუ იქნება, უკეთესია. ამ წუთში ქარხანაშ, რიგში ვდგავარ. უკვე ორი საათია, რაც აქ ვარ. ალბათ, საათნახევარი კიდევ მომიწევს აქ  დგომა,”- ამბობს ფერმერი.

chart

 

 

“როგორ შეიძლება 1 ლარზე ნაკლები დაადო ყურძენს ფასი? 1 ლარიც არ არის ყურძნის ფასი, თქვენ კარგად იცით, რამდენი შრომა სჭირდება ყურძენს და 1 ლარიც არ შეიძლება იყოს მისი ნორმალური ფასი,” – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გააკეთა, როცა წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავდა მოსახლეობასთან და წინა ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ ის არ არის პოლიტიკური ფიგურა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვერ შეაფასებს:

“ჩემი მოვალეობაა წავმართო მეღვინეობა-მევენახეობის პოლიტიკა ისე, რომ დარგი განვითარდეს. ჩვენ შედეგები გვაქვს. პირველი ის, რომ ყურძენი მთლიანად მუშავდება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ფასით კმაყოფილია როგორც ყურძნის გამყიდველი, ასევე მყიდველი, ქართული ღვინის ცნობადობა და ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე იზრდება,”-აცხადებს გიორგი სამანიშვილი.

რთველი 2017  სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  კახეთში მეღვინეების შემოსავალმა 81, 5 მლნ ლარს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, ამ ეტაპზე  რეგიონში  70 ათასამდე ტონაა გადამუშავებული, კახეთში ყურძნის გადამუშავებას 90-მდე ღვინის კომპანია ახორციელებს.

სამინისტროს განცხადებით, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: ყვარელი – 24,5 ათასი ტონა, გურჯაანი – 18,2 ათასი ტონა, თელავი – 11,1 ათასი ტონა, სიღნაღი – 8,1 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 2,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,1 ათასი ტონა, ახმეტა –  1.6 ათასი ტონა და საგარეჯო –  1,4 ათასი ტონა.  

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი  სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების პროცესიდან გამოსვლას გაზრდილ გაყიდვებს უკავშირებს.

სააგენტოს  ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 45,3 მლნ  ბოთლი  ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ექპორტი გაიზარდა 2016 წელსაც. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 2015 წელთან შედარებით 2016 წელს 38%-ით გაიზარდა.

“ყურძნის ნახევარი უკვე დაკრეფილია. წელს  პირველი წელია, როდესაც მასიური სუბსიდიიდან სახელმწიფომ  გასვლა მოახერხა, რადგან ბაზარზე მოთხოვნილება ისედაც არის ყურძენზე. რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი 70 თეთრიდან იწყება, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ფასმა 80 თეთრს მიაღწიოს. რაც შეეხება საფერავის ჯიშის ყურძენს, მისი  ფასი 1.20 თეთრია.  თქვენს მიერ ხსენებულ უკმაყოფილებას, გამყიდველს ყოველთვის უნდა მეტი მიიღოს, მყიდველს სურს პროდუქტი შედარებით იაფად იყიდოს, ამიტომაა რომ ფასი დგება მოლაპარაკების გზით.  ვხედავ, რომ მევენახეები ფასით უკმაყოფილოები ნამდვილად არ არიან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ხელოვნური ფასი არ არის, ეს არის ფასი, რომელიც ბაზარმა დაადგინა,”-აცხადებს გიორგი სამანიშვილი.

კითხვაზე, ექპორტის ზრდა რატომ არ აისახა ყურძნის ფასზე, სააგენტოს თავმჯდომარე გვპასუხობს, რომ ექსპორტის ზრდის პირობებში ჭარბი ყურძენი ბაზარზე თითქმის არ არსებობს, თუმცა ეს არ ეხება რქაწითელს, რომლის მოსავლის დაახლოებთ ნახევარი ჭარბია. მისი თქმით, სრულიად განსხვავებული ვითარებაა წითელი ყურძნის კუთხით. გიორგი სამანიშვილის შეფასებით,  წითელი ყურძენი არის იმდენი, რამდენიც ექსპორტისთვისაა საჭირო.

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს ქვეყანამ ღვინის ექსპორტიდან  95. 8 მლნ აშშ დოლარი მიიღო. 2016 წელს ღვინიდან მიღებული შემოსავალი 113.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 2017 წლის რვა თვის შედეგებით ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 100 მლ ნ აშშ დოლარს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი