ეკონომიკა

რატომ გაძვირდა კარტოფილი

11 ნოემბერი, 2022 • 2200
რატომ გაძვირდა კარტოფილი

წელს კარტოფილი შარშანდელთან შედარებით უფრო ძვირი ეღირება. უბნის მაღაზიებში, სადაც ხილსა და ბოსტნეულს ყიდიან, ახალქალაქის კარტოფილის ამჟამინდელი ფასი, საშუალოდ, 2.20-დან 2.50 ლარამდე მერყეობს.

ფასი შედარებით დაბალია ბაზრობებზე, სადაც 1 კილოგრამი ბოსტნეული, საშუალოდ, 1.60-2.00 ლარი ღირს. მარკეტებსა და სუპერ-მარკეტებში, როგორც წესი, ფასი კიდევ უფრო მაღალია.

ფერმერებისა და გამყიდველების თქმით, წელს შედარებით ცუდი მოსავალია, თუმცა პროდუქციის მოყვანაც გაძვირდა.

ნეტგაზეთს ფერმერი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან უყვება, რომ წელს კარტოფილის ნათესები დაისეტყვა, პრობლემას წარმოადგენდა მორწყვაც, რამაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეამცირა მოსავლიანობა.

„შარშანდელ სეზონზე აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთშიც კი გადიოდა კარტოფილი. წელს ასე ნაკლებად იქნება“, — ამბობს იგი.

მოსავლიანობის შემცირება ნიშნავს ბაზარზე მოწოდების შემცირებასაც, რა დროსაც, როგორც წესი, ფასები იზრდება.

მისივე განცხადებით, შარშან, წელიწადის ამ დროს, 1კგ კარტოფილის ფასი 60 თეთრი იყო, თუმცა წელს „ადგილზე გაყიდვის“ ფასი კილოგრამზე 1.20 ლარიდან 1.50 ლარამდე მერყეობს.

ფერმერი აღნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში გაძვირდა პროდუქციის მოყვანაც. მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით სასუქი, საშუალოდ, 50 ლარით არის გაძვირებული. ასევე მაღალია საწვავის ფასებიც.

შემცირებულ მოსავალზე საუბრობენ ბაზრობაზე მომუშავე ვაჭრებიც, რომელთა თანახმადაც, მოსალოდნელი არ არის, რომ პროდუქციის ფასები დაიწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი