ახალი ამბები

“გმირობის ნაყოფი” – რატომ გადაწყვიტეს ეკატერინემ და რუსუდანმა საოკუპაციო ხაზთან მეურნეობის დაწყება

19 ოქტომბერი, 2022 • 1475
“გმირობის ნაყოფი” – რატომ გადაწყვიტეს ეკატერინემ და რუსუდანმა საოკუპაციო ხაზთან მეურნეობის დაწყება

ეკატერინე და რუსუდან ხოდელებმა ჩირის მცირე წარმოება გასულ წელს დაიწყეს. მათი ინსპირაცია ბავშვობის მოგონებები გახდა, როცა სოფელში ჩასულ შვილიშვილებს ყოველწლიურად ხვდებოდათ ბებიის მოყვანილი ხილით, მის მიერვე დამზადებული ჩირი.

მაშინ ისინი ბებიას საოკუპაციო ხაზს იქით სტუმრობდნენ ხოლმე, 2008 წლის ომის შემდეგ კი მას სოფლის დატოვება მოუწია, თუმცა მავთულხლართებთან ახლოს დასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ, დამოუკიდებლად განაგრძობდა სოფლის მეურნეობაზე ზრუნვას.

დებს ბებიის გარდაცვალების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში სურდათ მისი საქმის გაგრძელება, რამდენიმე წლის წინ კი გადაწყვიტეს, რომ ეს სურვილი რეალობად ექციათ და მოეძიებინათ გზები, რომლის საშუალებითაც ბავშვობის საყვარელი ტკბილეულის – ჩირის დამზადებას შეძლებდნენ.

ამჟამად ისინი საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ გერშუეთში ყოველ ზაფხულს ჩადიან და მამასთან ერთად უძღვებიან მეურნეობას, რომელსაც მათი ბებია რამდენიმე წლის განმავლობაში უვლიდა. როგორც ეკატერინე ამბობს, მათი ბაღიდან შეუიარაღებელი თვალით ჩანს ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ეს ხელს არ უშლით შექმნან და სხვებსაც გაუზიარონ “რამე ტკბილი”.

ეკატერინე ხოდელის ამბავი

რუსეთის ოკუპაცია პირადად შეეხო ჩემს ოჯახს. დედულეთი, სადაც ზაფხულს ვატარებდით ხოლმე, 2008 წელს მავთულხლართებს იქით დარჩა. იმ სახლში ცხოვრობდა ბებიაჩემი, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე არ დატოვა მავთულხლართებს აქეთ, მოსაზღვრე სოფელი. ბებია მშობლიური სახლის დატოვების შემდეგ, ფაქტობრივად, დარდით გარდაიცვალა.

ომისას ის 83 წლის იყო. როცა თითქმის მთელი გორის რაიონი დაიცალა, ბებიაჩემი სოფელში დარჩა. აგვისტო იყო, მოსავლის აღების პერიოდი და მისთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. სულ უნდოდა ჰქონოდა საკუთარი საქმე და ძალიან ბევრი სახეობის ჩირი.

ბებია 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმ წელსაც საკუთარი ხელით აიღო მოსავალი… იმ წელს ჩვენ გვქონდა ვაშლი, ბოსტნეული და ჩირი.

მისი გარდაცვალების შემდეგ მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ ისეთი ჩირის გაკეთება, როგორსაც ბებია გვიკეთებდა. მისი საქმის გაგრძელება ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ის იყო გმირი ქალი, რომელიც მარტო უძღვებოდა დიდ მეურნეობას.

დასაწყისისთვის მხოლოდ შავი ქლიავის ჩირს ვამზადებთ, მაგრამ გვინდა ნელ-ნელა ბებიის დანატოვარი მოგონებებით გავზარდოთ ჩვენი საქმე.

მე და ჩემმა დამ, მამის დახმარებით, გავაშენეთ შავი ქლიავის ბაღები. გრანტით მოვიპოვეთ საშრობი და იმ მამა-პაპისეულ სახლში, სადაც მთელი ბავშვობა გვაქვს გატარებული, პატარა საწარმო მოვაწყვეთ.

შარშან საცდელად გავაკეთეთ ჩირები, წელს შევეცადეთ, უფრო მეტი გაგვეკეთებინა. რადგან ხელით ვამზადებთ ამ ყველაფერს, ჩვენი საწარმო დიდი არ არის მაგრამ ორი ადამიანის სეზონური შრომით ვცდილობთ, რომ ნელ-ნელა განვვითარდეთ. მამაც ძალიან გვეხმარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თავად შევქმნათ “გმირობის ნაყოფი”. ძალიან დიდი სტიმულია ეს პროექტი, რომ მეტად დავხვეწოთ ჩვენი საქმე და გავზარდოთ წარმოება. გვინდა ვიყოთ სამაგალითოები ამ სოფელში, ამ გარემოში და დავანახოთ ყველას, რომ სოფელი ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული წარმოება ძალიან ღირებულია და ქართულ მიწაზე მოყვანილი ხილი და შექმნილი პროდუქტი ორმაგად დასაფასებელია.

მე და რუსუდანი ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებთ. ხელით ვეხებით ყველა ქლიავს და სათითაოდ ვამუშავებთ.

ბავშვობის მსგავსად, ზაფხულის დღეები უკვე სოფელთან ასოცირდება. უფრო სხვანაირად ველოდებით შემოდგომას, რადგან ვიცით, რომ ეს წარმოების პერიოდია.

ჩვენი ბაღიდან შეუიარაღებელი თვალით ჩანს ნიშანი, რომ იქით რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა. ოკუპაცია ფაქტობრივად ჩვენი ბაღების გასწვრივ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი პატარა, გოგოების საწარმო, უფრო მეტად ემოციაა, ვიდრე ბიზნესი. ეს არის ჩვენი ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ.

სწორედ ამიტომ, ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის და ჩემი დისთვის ძალიან ამაღელვებელია. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ფართო საზოგადოებას დავანახოთ, რომ ჩვენნაირი ადამიანები არსებობენ. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ პატარა საქმით რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთონ.


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

ზინქ ნეთვორქ

მასალების გადაბეჭდვის წესი