ჭადრაკი

საარჩევნო ჭადრაკი პროფკავშირში

დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელს გადადგომისაკენ მოუწოდებს, სანაცვლოდ კი ამბობს, რომ მზადაა საკუთარი კანდიდატურა მოხსნას. ირაკლი პეტრიაშვილი ამ შემოთავაზებას საჭადრაკო სვლას ადარებს და ამბობს, რომ “პაიკს მძიმე ფიგურაში არ გაცვლის”.

საარჩევნო ჭადრაკი პროფკავშირში

ენერგეტიკის დარგის პროფკავშირის ხელმძღვანელი ამირან ზენაიშვილი გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარეობის მესამე კანდიდატია. მთავარ ყრილობამდე, სადაც გაერთიანებული პროფკავშირის ლიდერს აირჩევენ, რამდენიმე დღე რჩება, კანდიდატი კი სამია: მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ხელოვნების მუშაკთა დარგის პროფკავშირის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ამირან ზენაიშვილი. ზენაიშვილი კითხულობს ლექციებს, მას უმუშავია მცხეთის გამგებლის მოადგილედაც.

“მე დავინახე, რომ პროფკავშირში რეალური კანდიდატი არ იყო, ვერც დავით ოქიტაშვილი შეძლებს არსებულ პრობლემებთან გამკლავებასა და ამოცანების შესრულებას, რადგან მას არ აქვს ისეთი პროფკავშირული გამოცდილება, და მიღწევები და ბატონმა ირაკლიმაც ის რესურსი, რაც მას გააჩნდა… ბევრი იბრძოლა, ბევრი კარგიც გააკეთა, მაგრამ აღარ ჩანს იმედი, რომ ის შეძლებს პრობლემებთან გამკლავებას”, – განაცხადა ზენაიშვილმა.

ზენაიშვილის კანდიდატურას მიესალმა მისი კონკურენტი დავით ოქიტაშვილი:

“ძალიან მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, დამდგარიყო ჩვენს გვერდით პეტრიაშილის წინააღმდეგ ბროლაში. ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად ვიბროლებთ ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობისთის და, ვიმედოვნებ, ერთად დავამაცხებთ პეტრიაშილის დიქტატურას”, – აცხადებს ოქიტაშვილი.

ზენაიშვილის თქმით, მანამ, სანამ ის კანდიდატურას დააყენებდა, ოქიტაშვილმა მას წერილობით მიმართა და ენერგეტიკის დარგიდან დელეგატთა სიების გადაგზავნა სთხოვა, რაც მან მყისიერად შეასრულა. ზენაიშვილი ასევე იზიარებს ოქიტაშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სიებთან დაკვშირებული საკითხი ეჭვს იწვევს.

დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ პროფკავშირისგან დელეგატების სია მოითხოვა – 225 დელეგატის, რომელმაც 15 სექტემბერს არჩევანი უნდა გააკეთოს. პროფკავშირში აცხადებენ, რომ 40 გამგეობის სხდომიდან მხოლოდ 4-ზეა ოქიტაშვილი ნამყოფი, ბოლო თვეები კი საერთოდ არ დასწრებია იმ სხდომებს, რომლებზეც ყრილობის საორგანიზაციო საკითხები გვარდებოდა. პროფკავშირში აცხადებენ, რომ დელეგატთა სიების გადაცემა რომელიმე კანდიდატისთვის მიუღებელია, რათა მათზე ზეწოლა არ მოხდეს.

ირაკლი პეტრიაშვილი ამტკიცებს, რომ დავით ოქიტაშვილიც და ზენაიშვილიც ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები არიან “პროფკავშირის ჯიბეში ჩადების მიზნით”. პეტრიაშვილი ოქიტაშვილის შეთავაზებას გადადგომასთან დაკავშირებით, რასაც ამ უკანასკნელის მტკიცებით მისი კანდიდატურის მოხსნას მოჰყვება, ასე პასუხობს:

ის არ არის ჩემი საპირწონე და, ბუნებრივი,ა პაიკთან ჩემნაირი მძიმე ფიგურის გაცვლით ზენაიშვილის სახით მეორე პაიკს დედოფლად არ გავაყვანინებ”.

კრიტიკა და ირაკლი პეტრიაშვილის პასუხი

გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის გამოსავლენად საარჩევნო კამპანია ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ერთი მხარე ოქიტაშვილს და ახლა უკვე ზენაიშვილსაც ადანაშაულებს, რომ ისინი “მმართველი გუნდის ერთი ფლანგის” პროექტს წარმოადგენენ, ხოლო ოქიტაშვილის მიერ წამოყენებული ბრალდებების ჩამონათვალი უფრო ვრცელია.

“არსებული მდგომარეობა, ერთი მხრივ, არაჯანსაღ პროცესზე მიუთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აზიანებს პროფესიული კავშირების იდეას და ფართო საზოგადოებაში მის მიმართ დისკრედიტაციას განაპირობებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია EMC და აუდიტორია 115 ავრცელებენ. მათაც აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას ხელისუფლება ცდილობდეს.

“კანდიდატად იმგვარი პირის პოზიციონირება, რომელსაც არ გააჩნია პროფკავშირული ბრძოლის გამოცდილება და აქტიური პროფკავშირული ორგანიზაციების ნდობა, აჩენს ეჭვებს პოლიტიკური ხელისუფლების ზეგავლენაზე და მაღალ ინტერესზე, თავისი დაქვემდებარების ქვეშ მოაქციოს პოლიტიკური წინააღმდეგობის რესურსის მქონე ორგანიზაცია, რაც უკიდურესად დაასუსტებს პროფესიული კავშირების როლს და გაანეიტრალებს მას, როგორც სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლ მნიშვნელოვან აქტორს. ამასთან, პროფესიული კავშირების წევრები მიუთითებენ დელეგატებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაზე დასახელებული კანდიდატის სასარგებლოდ, რაც აძლიერებს ეჭვებს სახელისუფლებო ჯგუფების უშუალო და პირდაპირი ჩარევის შესახებ წინაასაარჩევნო პროცესში, რაც სრულიად დაუშვებელია”, – ნათქვამია EMC-ის და აუდიტორიის განცხადებაში.

მეორე მხრივ, განცხადებიდან ჩანს, რომ მათ შენიშვნები ირაკლი პეტრიაშვილის მუშაობის მიმართაც აქვთ.

“თავად პროფესიულ კავშირებში მიმდინარე შიდა პროცესები კრიტიკის საფუძველს აჩენს. რამდენადაც პროფესიული გაერთიანების მიმართ არსებული მწვავე და დასაბუთებული კრიტიკის პირობებში, რაც გაერთიანების მიმართ საზოგადოების დაბალ ნდობაში, გამჭვირვალობისა და შიდადემოკრატიულობის დეფიციტში, პროფესიული კავშირების დაბალ გავლენაში, შრომითი დავების არაეფექტიან წარმართვაში და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებში გამოიხატება.

პროფესიული კავშირების ამჟამინდელი გაერთიანების  სამგზის არჩეული თავმჯდომარის მხრიდან თავისი კანდიდატურის მეოთხედ წამოყენებამ დიდი უკმაყოფილება გააჩინა თავად პროფკავშირული ორგანიზაციის წიაღში, რაც საბოლოო ჯამში შიდა განხეთქილების და დაპირისპირების საფუძველი გახდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პროფკავშირების გაერთიანების არსებულმა  ინსტიტუციურმა სისტემამ ვერ უზრუნველყო დასაქმებულების მაღალი მხარდაჭერის მქონე კანდიდატის წარმოქმნა და პირველად ორგანიზიაციებში არსებული მოლოდინების გამართლება, რაც თავის მხრივ შიდადემოკრატიული პროცესის არარსებობაზე და არარეპრეზენტატიულ პოლიტიკაზე მეტყველებს, სადაც გადაწყვეტილებების მიღება და პროცესების მართვა არაინკლუზიურად მიმდინარეობს და სათანადოდ არ ხდება მშრომელთა სხვადასხვა ჯგუფის პროცესებში ინტეგრირება თუ მათი ინტერესების გათვალისწინება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი პეტრიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ის მიესალმება საქმეზე ორიენტირებულ კრიტიკას და დისკუსიას, რომელიც პროფკავშირის ჯიბის ორგანიზაციად გადაქცევას არ ისახავს მიზნად. შენიშვნებთან დაკავშირებით პეტრიაშვილი პროფკავშირს რაგბის გუნდს ადარებს, სადაც “ან კოლექტიურად იგებ, ან კოლექტიურად აგებ”. 

“წესდებით ჩემთვის მონიჭებული ფუნქცია არის საერთაშორისო ურთიერთობები და საკანონმდებლო ინიციატივები. ან ერთში ან მეორეში ნაკლოვანებას განიცდის პროფკავშირული სამყარო ან ქართული საზოგადოება?  რატომ არის ეს ერთ ორგანიზაციაზე დამოკიდებული, როცა 126 პროფკავშირული ორგანიზაციაა რეგისტრირებული საქართველოში და მე მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის გამგეობის ხელმძღვანელი ვარ. სად არის სხვა დანარჩენი, სხვისი გაკეთებული საქმე, სხვისი კრიტიკა და ა.შ. რაც არსებობს. ისიც რომ აღარ იყოს და ვიღაცამ ჯიბეში ჩაიდოს?”, – ამბობს პეტრიაშვილი.

ირაკლი პეტრიაშვილის კომენტარს უფრო ვრცლად შეგიძლიათ მოუსმინოთ ქვემოთ მოცემულ ფანჯარაში.

ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ მას საკუთარი კანდიდატურის დაყენება აღარ უნდოდა და ეს მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაინახა რეალური საფრთხე, რომ სახელისუფლო ჯგუფს პროფკავშირის საქმიანობაზე გავლენის მოხდენა სურდა. მას ვკითხეთ, თუ ასეთი საფრთხე დაინახა და თან ვარაუდობდა, რომ დარტყმის მთავარი ობიექტი თვითონ იქნებოდა, ტაქტიკურად უფრო უპრიანი არ იქნებოდა, რომ პროფკავშირის წიაღიდან სხვა კანდიდატი დაეყენებინათ?

“აქ ხომ მხოლოდ ჩემში არ იყო საქმე. ეს პროცესი დაიწყო რკინიგზაში შიმშილობის აქციის შემდეგ, რომ ეს იყო ჩემი ორგანიზებული და რომ თითქოს მე ვუხდიდი ხალხს ხელფასს შიმშილობაში. მაშინ დაიწყო შემოტევა არა მხოლოდ ჩემზე, არამედ იმ პროფკავშირებზე, რომელიც წინააღმდეგობას ქმნიდა, ტყიბულზე განცხადებებს აკეთებდა, აზოტზე დემონსტრაციებს მართავდა, საქართველოს ბანკთან აქციებს აწყობდა და ა.შ. ანუ მთლიანად პროფკავშირის მართვის სტილზე იყო შემოტევა, რომ ეს ნაციონალების დაკვეთააო და ა.შ. მაშინ მოხდა ეს ყველაფერი. რა უნდა მექნა? მკვლელი მიწოდეს, შენობების გამყიდველი და ა.შ. დამეხურა ქუდი, კი მართლები ხართ და ორგანიზაცია ჩამეგდო მათ ხელში?”.

კითხვას, ხომ შეეძლო ბრალდებებისთვის ეპასუხა, მაგრამ კანდიდატი სხვა ყოფილიყო, იგი პასუხობს, რომ ეს პროფკავშირის ინტერესებს ტაქტიკურად  დააზარალებდა, რადგან ცოტა დრო რჩებოდა და პროფკავშირელები ერთ საერთო კანდიდატზე კონსოლიდაციას ვეღარ მოასწრებდნენ.

“ჯანსაღ ძალებს შორის წავიდოდა კონკურენცია და  ამ დროს დელეგატების ზეწოლით და ა.შ. თავის სურვილს აიხდენდნენ. გაიყოფოდა ხმები და ერთ და ორი კი არა,  ღირსეული კანდიდატი ბევრია ორგანიზაციაში. თუმცა გამოკვეთილი ლიდერი, ვის გარშემოც ჯანსაღი ძალები კონცენტრაციას მოახდენდნენ, ფაქტობრივად, არ არის”, – ამბობს პეტრიაშვილი.

“მე სულ არ ვაპირებდი ჩემი კანდიდატურის დაყენებას, მაგრამ პროცესები წავიდა ისე, ჩარევა წავიდა ისე, რომ კონსოლიდაციას და ცვლილებას ვეღარ მოახდენდნენ და ვერ გამოავლენდნენ სხვა კანდიდატს, თორემ პროცესი დამთავრდება და შიდადემოკრატიული განხილვების შედეგად… არც არავინ აპირებს სკამზე დაჭედებას. მაგის გარანტიას ვაძლევ სულ ყველას, რომ როდესაც გარედან ჩარევის საფრთხე გაქრება, პროფკავშირული სამყარო შიგნით ჩამოყალიბდება და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მიიღებს, მით უმეტეს, იცით, რომ მე სხვა საქმეც მაქვს და იცით ჩემი ევროპული თანამდებობაც”, – ამბობს პეტრიაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com