ახალი ამბები

გერმანიაში დასაქმებული სატვირთოს ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – პროფკავშირები

4 აპრილი, 2023 • 1372
გერმანიაში დასაქმებული სატვირთოს ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – პროფკავშირები

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, გერმანიაში მომუშავე სატვირთო მანქანების ქართველი მძღოლები კუთვნილი ხელფასების აღების მოთხოვნით გაფიცულები არიან. ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს, 4 აპრილს, ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, პოლონურ კომპანიაში დასაქმებული 200-მდე მძღოლი, მათ შორის როგორც ქართველი ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ვერ იღებენ იმ ანაზღაურებას, რომელიც სატვირთო მანქანებზე მუშაობის შედეგად გამოიმუშავეს და უკვე 2 კვირაა მანქანებში ათენებენ ღამეებს.

“ამ ხალხს საკვების საშუალებაც კი არ ჰქონდა, რადგან არ აქვთ ხელფასები და იმყოფებიან უცხო ქვეყანაში. საინტერესოა, რომ ზოგიერთი მათგანის შრომის პირობები ახლა და ახლა ირკვევა. მათი უფლებები ირღვევა იმ ფორმითაც, რომ ერთ-ერთ მათგანს ერთი წელი არ ჰქონია დასვენების დღე. ეს ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, თორემ უამრავი ასეთი ადამიანი იქნება”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, მძღოლები გაიფიცნენ როგორც ფრანკფურტში, სოლიდარობის მიზნით ასევე გაიფიცნენ იტალიაშიც, რადგან ისინიც მძიმე პირობებში იმყოფებიან.

პეტრიაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გერმანიაში გაფიცული მძღოლების საკითხის მოგვარების პროცესში ჩართული არიან გერმანიის, პოლონეთისა და ბელგიის პროფკავშირებიც. ამასთან, ჩართულია ტრანსპორტის საერთაშორისო ფედერაციაც, რომელმაც სპეციალური წარმომადგენელიც გამოყო, ვისი დახმარებითაც ამჟამად მძღოლები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით.

რაც შეეხება გაფიცული მძღოლების დამსაქმებელს, პეტრიაშვილის განცხადებით, პროფკავშირების დაინტერესების შემდეგ დამსაქმებელმა გაფიცულებს მისცა ზეპირი პირობა, რომ გადაუხდიდა ხელფასებს.

პეტრიაშვილის თქმით, პროფკავშირების ჩართულობით პრობლემის მოგვარება დაიწყო, თუმცა მისი გადაჭრა უფრო ეფექტური იქნებოდა, სახელმწიფოს რომ ჰქონდეს მეტი ბერკეტი ქართველი მიგრანტების უფლებების დასაცავად. მისი განმარტებით, ამისთვის მნიშვნელოვანია, მიგრაციის შესახებ კანონში შევიდეს ცვლილებები და შესაბამისმა უწყებებმა აიღონ ვალდებულება ემიგრანტების უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით:

“შრომის ინსპექციას რომ ჰქონდეს მანდატში, რომ ის მიგრანტი მშრომელების უფლებებსაც- როგორც უსაფრთხოების, ასევე უფლებრივ ნაწილში- მოემსახურებოდა, ბუნებრივია, ამ ადამიანების საკითხი უფრო ეფექტურად გადაწყდებოდა, რადგან სამთავრობო დონეზე ორმხრივი შეთანხმება და ჩართულობა გახლავთ ბევრად უფრო ეფექტური, ვიდრე ჩვენი ჩართულობა, თუმცა ეს ჩართულობაც გახლავთ გარკვეულწილად იმის გარანტი, რომ ამ ხალხის უფლებები იქნება დაცული”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი