ახალი ამბები

ოქიტაშვილი VS პეტრიაშვილი – ბრძოლა პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის

4 სექტემბერი, 2017 • 2420
ოქიტაშვილი VS პეტრიაშვილი – ბრძოლა პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის

გაერთიანებული პროფკავშირის მთავარ ყრილობამდე, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, 10 დღე რჩება. თავმჯდომარეობისთვის ორი გამოკვეთილი კანდიდატი იბრძვის, მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირის ხელოვნების გამგეობის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი. წინასაარჩევნო კამპანია ურთიერთბრალდებების რეჟიმში მიმდინარეობს.

დავით ოქიტაშვილმა დღეს, 4 სექტემბერს, პრესკონფერენციაც ჩაატარა, სადაც მთავარ პროკურატურას ირაკლი პეტრიაშვილის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2005 წლიდან იკავებს.

“საქართველოს პროკურატურას მივმართავ თხოვნით, შევიდეს პროკურატურა და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს, 2005 წლიდან 2012 წლამდე რა მავნებლურ პოლიტიკას აწარმოებდა პეტრიაშვილი. გაყიდულია, გაძარცვულია და მიტაცებულია მილიონობით ქონება,”- ამბობს ოქიტაშვილი.

მან იმის შესახებაც განაცხადა, რომ აპირებს ევროპისა და მსოფლიო პროფკავშირებს წერილი მისწეროს:

“სირცხვილია, რომ მათ რიგებში კრიმინალი ირიცხებოდეს”.

ჟურნალისტებმა ოქიტაშვილს აღნიშნული ბრალდებების მტკიცებულებების შესახებაც ჰკითხეს. ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ “ტომებით მტკიცებულებები აქვს”, რომელიც პეტრიაშვილის ბრალეულობას დაამტკიცებს. თუმცა ამ მტკიცებულებებზე კონკრეტულად არ უსაუბრია და განაცხადა, რომ მათი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გამოამზეურებს დეტალებს მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდება.

მეორე პრეტენზია, რაც ოქიტაშვილს პეტრიაშვილთან აქვს, სანდრო გირგვლიანი საქმეს უკავშირდება:

“ეს არის ადამიანი, რომელიც შედიოდა და, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, “აპრავებდა” გირგვლიანის მკვლელებს ციხეში. ძალიან მალე ის ადამიანი, რომელიც ზურგით საუბრობდა ამ თემაზე, შემობრუნდება და სახით მოჰყვება იმ ამბავს, რისი მოწმეც ის გახდა. ამ ბრალდებას, რასაც ვამბობ გირგვლიანთან მიმართებაში, ორი კვირის განმავლობაში ვიმეორებ. ნორმალური ადამიანი მე მიჩივლებდა სასამართლოში და მე მივმართავ- თუ ვტყუი, მიჩივლოს სასამართლოში და მზად ვარ, პასუხი ვაგო”,- განაცხადა ოქიტაშვილმა.

დათო ოქიტაშვილს დღევანდელი პრესკონფერენცია მარტოს არ ჩაუტარებია. ჯაჭვაძე ნიკა პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტი იყო ერთი წლის მანძილზე და პროფკავშირი 2017 წლის აპრილში დატოვა. მისი თქმით, უკმაყოფილების მთავარი საგანი ის გახდა, რომ პეტრიაშვილმა ახალგაზრდულ ნაწილს ბიუჯეტი არ გამოუყო, რათა “ფრესკოს” წინააღმდეგ დაწყებული აქციები გაეგრძელებინათ:

“მოგვმართა რამდენიმე ახალგაზრდამ, რომლებიც წამოვიდნენ “ფრესკოდან”. ჩვენ ჩავერთეთ ამ ბრძოლაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ბიუჯეტი არ გვქონდა საერთოდ. ახალგაზრდულ მოძრაობაში მყოფი ადამიანებიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი იყო გაფორმებული პროფკავშირებში და ერიცხებოდა მიზერული ხელფასი. ჩავერთეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად ბიუჯეტის უქონლობისა, ძალიან მაგარი შედეგი ვაჩვენეთ ფრესკოს წინააღმდეგ.

ეს ჩვენი ბრძოლა დასრულდა, რადგან გვჭირებოდა ელემენტარული სახსრები იმისთვის, რომ სახლიდან პროფკავშირში მოვსულიყავით  და სახლში წავსულიყავით, ან აქციის გამართვის პერიოდში ელემენტარული საკვები გვეყიდა.  ჩვენ ეს ბიუჯეტი გვჭირდებოდა ამის გამო, არავითარი ხელფასები და არაფერი მსგავსი. ბიუჯეტი შეადგენდა 1500 ლარს, როდესაც აქციებში მონაწილეობას იღებდა 50 ადამიანი”,- ამბობს ჯაჭვაძე.

მისივე თქმით, პეტრიაშვილმა ბიუჯეტის გამოყოფაზე უარი თქვა და სწორედ ეს გახდა მისი წამოსვლის მიზეზი.

ირაკლი პეტრიაშვილს ბრალდებებისთვის დღეს თავად არ უპასუხია, თუმცა გაერთიანებული პროფკავშირის დარგების თავმჯდომარეებმა ოქიტაშვილს უპასუხეს:

“აბსოლუტურად ვემიჯნებით ყველა მცდელობას, რომელიც ემსახურება პროფკავშირების დისკრედიტაციას. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია. მაგრამ როცა საქმე ეხება ჩვენი წევრების შრომითი უფლებების დაცვას, იქ ვართ უკომპრომისოები. ბინძური თამაშებით და ბრალდებებით თავი დაანებონ საარჩევნო კამპანიის წარმოებას”,- განაცხადა ნუგზარ ჭინჭარაულმა.

დღეს დავით ოქიტაშვილმა ისიც განაცხადა, რომ მან პროფკავშირისგან დელეგატების სია მოითხოვა – 225 დელეგატის, რომელმაც 15 სექტემბერს არჩევანი უნდა გააკეთოს. პროფკავშირში აცხადებენ, რომ 40 გამგეობის სხდომიდან მხოლოდ 4-ზეა ოქიტაშვილი ნამყოფი, ბოლო თვეები კი საერთოდ არ დასწრებია იმ სხდომებს, რომლებზეც ყრილობის საორგანიზაციო საკითხები გვარდებოდა. პროფკავშირში აცხადებენ, რომ დელეგატთა სიების გადაცემა რომელიმე კანდიდატისთვის მიუღებელია, რათა მათზე ზეწოლა არ მოხდეს:

“ერთი თვის უკან მის დარგობრივ პროფკავშირს ჩატარებული აქვს გამგეობის სხდომა და ირაკლი პეტრიაშვილი წარმოდგენილი ჰყავთ კანდიდატად და არსებობს მათი გამგეობის დადგენილება, რომ ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირი მხარს უჭერს ირაკლი პეტრიაშვილს თავმჯდომარედ ასარჩევად. ეს მთელი ვაკხანალია დაიწყო 2 კვირის მანძილზე. დღესდღეობით არის 2 კანდიდატი, მე ვიცი, რომ სამართლებრივად ამ ორი კანდიდატიდან არც ერთს აქვს უფლება, მიიღოს დელეგატთა სიები და ორივე კანდიდატს აქვს საშუალება, საჯარო სივრცეში საზოგადოებას გააცნონ საკუთარი სამოქმედო გეგმა”,- განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ, პროფკავშირის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.

ოქიტაშვილს იმის შესახებაც ვკითხეთ, თუ რატომ დაუჭირა მხარი ერთი თვის წინ პეტრიაშვილის კანდიდატურას, მან განაცხადა, რომ “გირგვლიანის საქმესთან” პეტრიაშვილის კავშირი მაშინ არ იცოდა და სწორედ ეს გახდა გარდამტეხი:

“ირაკლი პეტრიაშვილის და მისი მოადგილის მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ ყველა დარგს აუცილებლად მიგვემართა ასეთი წერილით, ეს მანამდე მოხდა, სანამ მე შევიდოდი ამ ბრძოლაში და გავიგებდი, ის ვინ იყო. ამ წერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და შემიძლია ეს წერილი ახლაც გავუგზავნო, ჩემთვის გირგვლიანის ამბავი იყო გარდამტეხი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი