ახალი ამბები

პროფკავშირების გაერთიანება სადავო კანონპროექტს ანტიდემოკრატიულად მიიჩნევს

28 თებერვალი, 2023 • 786
პროფკავშირების გაერთიანება სადავო კანონპროექტს ანტიდემოკრატიულად მიიჩნევს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ ანტიდემოკრატიულია და არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის პრიორიტეტებს.

გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებით, კანონპროექტები, განსაკუთრებით კი 27 თებერვალს დარეგისტრირებული, უხეშად არღვევს თავად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს!

„პროფკავშირებისთვის უცხოური დონორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებულთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებული კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და ეფექტური ცნობიერების ამაღლების კამპანიების საწარმოებლად“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის ზოგიერთი პუნქტი იმდენად ბუნდოვანია, რომ განუსაზღვრელად ზრდის როგორც ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილებას, თითქოსდა კონტროლის გზით ჩაერიოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაში, ისე, პირთა წრეს, ვისზეც შეიძლება, კანონის მოქმედება გავრცელდეს.

ამასთან, პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ უკიდურესად პრობლემურია, კანონპროექტში თავად ტერმინის ,,აგენტი“ გამოყენება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი კონოტაციის მატარებელია და აღნიშნულის გასანეიტრალებლად რიგი პარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებები მის განმარტებასთან დაკავშირებით ვერ გამოდგება:

„საგანგაშოა კანონპროექტის განზრახვა, „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაცია და შემდგომში მის საქმიანობაზე ზედამხედველობა მიენდოს უშუალოდ გენერალურ პროკურორს ისე, რომ არ ითვალისწინებს არანაირ ჩამკეტ მექანიზმს გენერალური პროკურორის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრირებული პირის მიმართ ფართო უფლებამოსილებათა განხორციელებისას. გარდა იმისა, რომ ეს ეროვნული კანონმდებლობის არაერთ პრინციპს ეწინააღმდეგება. ძალოვანი სტრუქტურის მაკონტროლებელ ორგანოდ განსაზღვრა მსუსხავ ეფექტს იქონიებს უცხოური ფინანსური დონაციებით მოქმედი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების საქმიანობაზე. კონტროლი თანამდებობის პირისგან, რომელიც სახელმწიფო ბრალმდებელია, იმთავითვე წარმოშობს ეჭვს საზოგადოებაში, რომ პირი ეწევა კრიმინალურ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას“ ,— წერია განცხადებაში.

განცხადების ავტორების თქმით, „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრირებულ პირთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებასა და მისი გაცნობის წესი ეწინააღმდეგება ინფორმაციის საჯარო ინფორმაციად ან კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევისა და მათი გაცნობის შესახებ უკვე არსებულ რეგულაციებს:

„საჯარო ინფორმაციის გაცნობის წესის დადგენის კომპეტენციასაც კი კანონპროექტი გენერალურ პროკურორს ანიჭებს მაშინ, როცა ეს საკითხი უკვე მოწესრიგებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. ამგვარი რეგულირება გენერალური პროკურორის მხრიდან კანონის შერჩევითად გამოყენების რისკს ზრდის. ამასთან, ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირისთვის საჯაროობა შესაძლოა ყოფილიყო სუსტი, მაგრამ მაინც დამცავი მექანიზმი.

კანონპროექტის პუნქტები კი, რომლებიც გულისხმობს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრირებულ ორგანიზაციებში დასაქმებული ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემების მიწოდებას გენერალური პროკურორისთვის, განუზომლად აძლიერებს ძალოვანი უწყების გავლენის შესაძლებლობას ინდივიდებზე და წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების, შრომისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებში არათანაზომიერ ჩარევას“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში უამრავი გამოწვევაა და საქართველო ემზადება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, გაუგებარია, ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის რომელი პუნქტის შესასრულებლად არის საჭირო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, მით უფრო, რომ განმარტებით ბარათებში ამის შესახებ ფაქტობრივად არაფერია ნათქვამი.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ხაზს უსვამს, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ურყევი ნებაა და საქართველოს პარლამენტმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ამავდროულად, განცხადების ავტორების თქმით, მოსახლეობის პრიორიტეტი, არაერთი სოციალური გამოკითხვის თანახმად, მწვავე შრომითი და სოციალური პრობლემების გადაჭრაა, რაც ასევე არის ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი.

პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს პარლამენტს და მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს აღნიშნულ კანონპროექტს, ამასთან, გაგრძელდეს მუშაობა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიცირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, სადაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონი თითქმის ერთი საუკუნის წინ ამოქმედდა.

აღნიშნულ კანონპროექტს რუსული უწოდა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. იგივე შეფასება გააკეთა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმაც.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი