20934796_1212233182215357_868921981151744570_o

ერევანში სტალინზე გამოფენა დახურეს, მუზეუმის დირექტორს სოროსის ფონდთან კავშირში ადანაშაულებენ

სომხეთის კულტურის სამინისტროს მოთხოვნით, ერევნის ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმში სტალინის რეპრესიების მსხვერპლთა და ბოლშევიკური რევოლუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა “Eclipse”, რომელიც 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში გაიხსნა, დახურეს, – წერს სომხური გამოცემა epress.am

გამოფენის დახურვის შესახებ პირველად მუზეუმის დირექტორმა ნარინე ტუხიკიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, ამის მიზეზი “ცილისწამებაა” – ის დაადანაშაულეს სოროსის ფონდისგან ფულის აღებასა და გეიპროპაგანდაში. ნარინე ტუხიკიანი ვარაუდს გამოთქვამს, რომ გარკვეულმა დაინტერესებულმა პირებმა კულტურის სამინისტროს მიმართეს.

მუზეუმის დირექტორის განმარტებით, 26 აგვისტოს უცნობმა პირმა დაურეკა და უთხრა, რომ ის ფულს სოროსის ფონდისგან იღებდა და ამავე დროს გეიპროპაგანდას ეწეოდა.

რადიო თავისუფლების სომხეთის სამსახურთან საუბარში სომხეთის კულტურის მინისტრის მოადგილემ, არევ სამუელიანმა განაცხადა, რომ “ისტპრიას სუფთა სინდისით უნდა შევხედოთ, გამოფენა გარკვეულწილად პოლიტიზებული იყო. ალბათ, ცოტა უნდა შეამზადო საზოგადოება. გარკვეული ცვლილებების შემდეგ მას განმეორებით გახსნიან”.

ამასთან, სამინისტროში ამბობენ, რომ ღონისძიება წინასწარ არ იყო შეთანხმებული კულტურის სამინისტროსთან. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ექსპონატი ლუსტრაციის მოწოდებით და ნამუშევარი ანასტას მიკოიანის შესახებ, რომელიც “სტალინს კიდევ 700 ადამიანის დახვრეტას სთხოვდა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი