ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში მხარდამჭერები ელოდებიან

10 სექტემბერი, 2017 • 2037
მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში მხარდამჭერები ელოდებიან

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, საქართველოს მესამე პრეიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად მისი მხარდამჭერები უკრაინაში, კრაკოვეცის საზაზღვრო გამშვებ პუნქტთან არიან შეკრებილი. “რუსთავი 2”-ის ცნობითვე, ცოტა ხნის წინ ადგილზე მცირე დაპირისპირებაც იყო, რაც ე.წ. “ტიტუშკების” გამო მოხდა, რომლებიც ხელისუფლებამ დაიქირავა დაძაბულობის შესაქმნელად.

ადგილზე იმყოფება უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელმაც შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მიხეილ სააკაშვილმა ბოლო პოსტი “ფეისბუქის” პირად გვერდზე 8 საათის წინ დადო, რომლის თანახმადაც იგი უკრაინაში მიემგზავრება:

ტელეკომპანია “რუთავი 2” ასევე ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი კომენტარსაც:

“იმ ბანაკს, სადაც შეკრებილია ასეულობით ადამიანი, რამდენიმე “ტიტუშკა” დაესხა თავს. რაც უფრო მეტ ასეთ საჩუქარს გაგვიკეთებენ, მით უკეთესია. ყველაფერს აკეთებენ, ფულიც აამოქმედეს, შანტაჟიც. ეშინიათ, რომ ვინმე არ დაემორჩილოს იმათ ბრძანებებს. უკრაინას აქვს დაახლოებით შევარდნაძის დროინდელი სახელმწიფო აპარატი, სადაც ყველაფერი დაფუძნებული იყო ფულზე, კორუფციაზე და არა სახელმწიფო იდიალებზე.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:

  1. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე);
  2. 2007 წლის 07 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია”იმედში” შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდება, საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. ,,7 ნოემბრისა და ტელეკომპანია ,,იმედის“ დარბევის საქმე)
  3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე,  ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ემუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ქვეპუნქტით  (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე).
  4. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე).

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თბილისის დროით 15:00 საათზე გეგმავს ჩასვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი