ქართული რუსულენოვანი ვებგვერდი sova.news რუსეთში დაბლოკეს

ქართული რუსულენოვანი დამოუკიდებელი საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალი sova.news რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკილია, როგორც აღნიშნული მედიასაშუალება იუწიყება, დაბლოკვის საფუძველი გახდა ვებგვერდზე 2016 წლის 22 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატია, სათაურით – “ისლამური სახელმწიფოს სამხედრო მინისტრმა თარნხან ბათირაშვილმა მოჯაჰიდებს ანდერიძი დაუტოვა“.

როსკომნადზორის რეესტრის მიხედვით, “სოვა” რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ 6 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაბლოკეს.

რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, თუკი დაუშვებელი პროდუქცია განთავსდება რომელიმე საიტზე, გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე შესაბამის მიმართვას უგზავნიან აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალურ ორგანოს. ეს უწყება აკონტროლებს მასობრივი ინფორმაციის საშულებებს. ის ასევე იღებს იმ საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვის გადაწყვეტილებას, სადაც კანონით დაუშვებელი ინფორმაცია განთავსდება.

ამის შემდეგ წვდომის შეზღუდვის მოთხოვნა ეგზავნება კავშირგაბმულობის ოპერატორს და თვითონ მედიასაშუალებას.

“სოვა” იუწყება, რომ ინტერნეტპროვაიდერს მათთვის არ უცნობებია დაუშვებელი პროდუქციის შესახებ, რაც რუსული კანონდებლობით გათვალისწინებულია, და ამის მიუხედავად მოხდა საიტის დაბლოკვა.

რუსეთის კანონმდებლობით, მედიასაშუალებები, რომლებიც მასალებს ამზადებენ ISIS–ზე, აუცილებალდ უნდა მიუთითონ, რომ ეს ორგანიზაცია აკრძალულია რუსეთში. “სოვას” სტატიაში ეს მითითებული არ ყოფილა, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა, სადაც ეს მედიასაშუალებაა რეგისტრირებული, ამას არ ითხოვს.

იმისათვის, რომ “სოვა” ისევ გახდეს რუსეთში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი, მედიასაშუალება აპირებს სადავო სტატიის აღებას საიტიდან და შემდეგში ყველა სტატიაში, სადაც ISIS იქნება ნახსენები, აღნიშნონ, რომ საუბარია “აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციაზე”.

ამის შემდეგ ვებგვერდი მიმართავს რუსეთის აღმასრულებელ ფედერალურ ორგანოს, რომ მოიხსნას მათ გვერდზე ბლოკი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი