ახალი ამბები

პოლიციისგან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე ლგბტ თემი ბოლო წლებში ხშირად საუბრობს – ომბუდსმენი

25 აგვისტო, 2017 • 2249
პოლიციისგან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე ლგბტ თემი ბოლო წლებში ხშირად საუბრობს – ომბუდსმენი

ომბუდსმენი პოლიციელთა მხრიდან “თანასწორობის მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორისა და მოძრაობის წევრის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, რომ დროულად განახორციელოს რეაგირება.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2017 წლის 25 აგვისტოს აჭარისა და გურიის რეგიონულ დროებითი მოთავსების იზოლატორში თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და თანასწორობის მოძრაობის წევრი თორნიკე კუსიანი მოინახულეს.

დაკავებულებმა განაცხადეს, რომ 25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში მათ და მათთან ერთად მყოფ ტრანსგენდერ ქალებს უცხო პირები დაესხნენ თავს. მათ პოლიციის თანამშრომლებს სთხოვეს დახმარება, რომლებიც თავდასხმას უმოქმედოდ აკვირდებოდნენ; შემდეგ კი ძალის გამოყენებით მხოლოდ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი დააკავეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჰომოფობიური ნიშნით.

დაკავებულთა ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა არ განუმარტეს მათი უფლებები, დაკავების მიზეზი და არც ტელეფონზე დარეკვის საშუალება მისცეს. მათი თქმით, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა პოლიციის განყოფილებაშიც.

ომბუდმსენის განცხადებით, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ძალადობისა და ჰომოფობიური გამოვლინებების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციის უმოქმედობაზე და მათ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე უთითებენ.

“იმ მიზნით, რომ არ მოხდეს მსგავსი ქმედებების წახალისება, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროული რეაგირება განახორციელოს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების თითოეულ ფაქტზე და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს,” – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ჰომოფობიური მოპყრობისა და ძალადობის შესაძლო ფაქტს პროკურატურა იძიებს. როგორც ნეტგაზეთს პროკურატურიდან განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.

26 აგვისტოს, გამთენიისას, “თანასწორობის მოძრაობის” წევრები, თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე პოლიციელებმა დააკავეს, მათ ადვოკატს უთხრეს, რომ პოლიციამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათი თქმით, პოლიციის განყოფილებაში გააშიშვლეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ბულვარში, კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირები ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პოლიცია აცხადებს, რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ დ ნახეს 2 მოქალაქე, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც პოლიციელებმა ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ამბობენ, რომ მათ თავს დაესხნენ დაუდგენელი პირები. მათი თქმით, პოლიცია უყურებდა, როგორ სცემდნენ მათ თავდამსხმელები და არაფერი იღონა.

მასალების გადაბეჭდვის წესი