ახალი ამბები

პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ჰომოფობიურ მოპყრობას პროკურატურა იძიებს

25 აგვისტო, 2017 • 1722
პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ჰომოფობიურ მოპყრობას პროკურატურა იძიებს

ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ჰომოფობიური მოპყრობისა და ძალადობის შესაძლო ფაქტს პროკურატურა იძიებს.

როგორც ნეტგაზეთს პროკურატურიდან განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.

26 აგვისტოს, გამთენიისას, “თანასწორობის მოძრაობის” წევრები, თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე პოლიციელებმა დააკავეს, მათ ადვოკატს უთხრეს, რომ პოლიციამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათი თქმით, პოლიციის განყოფილებაში გააშიშვლეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ბულვარში, კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირები ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პოლიცია აცხადებს, რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ დ ნახეს 2 მოქალაქე, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც პოლიციელებმა ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ამბობენ, რომ მათ თავს დაესხნენ დაუდგენელი პირები. მათი თქმით, პოლიცია უყურებდა, როგორ სცემდნენ მათ თავდამსხმელები და არაფერი იღონა.

მასალების გადაბეჭდვის წესი