ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ამჯერად საინფორმაციო სააგენტო “Turan” დაიხურა, მისი ხელმძღვანელი კი დაკავებულია

25 აგვისტო, 2017 • 2537
აზერბაიჯანში ამჯერად საინფორმაციო სააგენტო “Turan” დაიხურა, მისი ხელმძღვანელი კი დაკავებულია

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო “Turan”-ის დირექტორის, მეჰმან ალიევის დაკავებისა და სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით სააგენტოს საბანკო ანგარიშები დაბლოკეს. შესაბამისად, საინფორმაციო სააგენტომ გაურკვეველი დროით საქმიანობა შეაჩერა.

“მსგავს სიტუაციაში სააგენტოს ნორმალური ფუნქციონირება უკიდურესად რთული ხდება. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით Turan -ის თანამშრომლები იძულებული არიან,  1 სექტემბრიდან გაურკვეველი დროით საქმიანობა შეაჩერონ. უახლოეს დროში შევეცდებით ჩვენი ვებგვერდის მუშაობა საკუთარი პირადი რესურსებითა და ენთუზიაზმით ავამუშაოთ. ახალი ამბების გამოშვება შეზღუდული იქნება”, -ავრცელებს განცხადებას Turan.

2017 წლის 16 აგვისტოს აზერბაიჯანის გადასახადების სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტოს ოფისში შემოწმება დაიწყო და ყველა დოკუმენტაცია წაიღო. თავად სააგენტოს უფროსი მეჰმან ალიევი 24 აგვისტოს ბაქოში თანამდებობის ბოროტად გამოყენების, გადასახადების დამალვისა და დიდი თანხების მოზიდვის მიზნით უკანონო საქმიანობის ბრალდებებით დააკავეს. 

მეჰმან ალიევი გამოცემა “კავკაზსკი უზელთან” დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერვიუში აცხადებდა, რომ სააგენტოს დახურვა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანია.

როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წერენ სოციალური ქსელებში, Turan-ის დახურვით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აზერბაიჯანული დამოუკიდებელი მედია საბოლოოდ დაასამარა.


აზერბაიჯანში თავისუფალი ჟურნალისტების დევნამ განსაკუთრებით ბოლო წლებში სისტემური ხასითი მიიღო. ალიევის რეჟიმმა არაერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააპატიმრა და სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წარმომადგენლებისა და მედიაორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და საქმიანობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გაეგრძელებინათ. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი აფგან მუხთარლია, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტისა და მოთხოვნების მიუხედავად, მისი გატაცების საქმე ქართულ მხარეს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი