“ყარაბაღი” აზერბაიჯანის სიამაყის სიმბოლო გახდა

აზერბაიჯანულმა საფეხბურთო კლუბმა “ყარბაღმა” აზერბაიჯანის ისტორიაში საკუთარი წვლილი შეიტანა.  საფეხბურთო კლუბი სამხრეთ კავკასიიდან  პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე – მთავარ ევროპულ ტურინირზე.

ორი თამაშის შედეგებით, “ყარაბაღმა” დანიური “კოპენჰაგენი” (1:0; 1:2) დაამარცხა და ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა. აღდამის საფეხბურთო კლუბ “ყარაბაღის” წარმატება აზერბაიჯანის წარმატებაცაა. მსოფლიოს ასეულობით სპორტულმა გამოცემამ გააშუქა ეს ამბავი. აქვე, რა თქმა უნდა, კლუბის ისტორიასაც ყვებიან. მაგალითად, ესპანური გამოცემა Marca “ყარაბაღის” შესახებ ყვება, რომ ეს არის გუნდი, რომელიც მშობლიურ ქალაქში ვერ თამაშობს.

საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” არ არის აზერბაიჯანის ხელისუფლების სპეცპროექტი, როგორც ეს ერთი შეხედვით კლუბის სახელწოდებიდან გამომდინარე ჩანს. ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან დაინტერესებული ფეხბურთით, “ყარაბაღი” “მთიან ყარაბაღთან”, სომხურ-აზერბაჯანულ კონფლიქტთან ასოცირდება. თუმცა ფეხბურთის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ “ყარაბაღი” პოლიტიკური პროექტი არ არის.

“ყარაბაღს” გარკვეულწილად დევნილთა გუნდი შეიძლება უწოდო. გუნდი ჯერ კიდევ 50-იან წლებში ქალაქ აღდამში დაფუძნდა. მაშინ გუნდს “მეჰსული” ერქვა, მაგრამ 1987 წელს “ყარაბაღი” ეწოდა.

აღდამი არის ქალაქი, რომელიც მთიან-ყარაბაღთან მდებარეობს და იმ შვიდ რაიონში შედის, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე ოკუპირებულად მიიჩნევს. ამჟამად აღდამი ქალაქი-მოჩვენებაა, სადაც პრაქტიკულად არავინ ცხოვრობს. შესაბამისად, საკუთარ სახლში, ქალაქ აღდამში, “იმარეტის” არენაზე  “ყარაბაღი” მოწინააღმდეგეს ვერ მიიღებს. 90-იანი წლების დასაწყისიდან,  სამხედრო მოქმედებების შემდეგ, “ყარაბაღი” ბაქოშია ბაზირებული, სადაც დააფუძნა ბაზა და სტადიონი.

“ყარბაღი” აზერბაიჯანის ხუთგზის ჩემპიონია. პირველად გუნდმა შორეულ 1992/93 წლებში გაიმარჯვა. მაშ შემდეგ გუნდს არაერთი წარმატება ჰქონია. 2012/13 სეზონამდე ჩემპიონის ტიტული არ აუღია, თუმცა წარმატებამდე თანმიმდევრულად მიდიოდა და, ამავე დროს, ახალ ფეხბურთელებზე წარმოუდგენლად დიდ თანხებს არ ხარჯავდა. გააზრებულმა პოლიტიკამ ნაყოფი გამოიღო. მას შემდეგ “ყარაბაღმა” ოთხჯერ მოიპოვა აზერბაიჯანის ოქროს მედალი. სამჯერ ევროპის ლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ამ სეზონზე კი “ყარაბაღმა” წარმოუდგენელ ტრიუმფს მიაღწია –  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.

აზერბაიჯანის ფეხბურთში დიდი ფულის “ჩადების” პერიოდში ამ მხრივ გამორჩეული იყვნენ კლუბები, “ბაკი” და “ხაზარი- ლიანკიარიანი”. “ხაზარი- ლიანკიარიანის” პრეზიდენტმა, მილიარდერმა მუბარიზ მანსიმოვმა, რომელიც თურქეთში ცხოვრობს, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბზე წელიწადში 20 მილიონ აშშ დოლარს ხარჯავდა. კლუბისთვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ეს არარეალური თანხაა. თუმცა დღეს ეს გუნდები აზერბაიჯანულ ფეხბურთში უკვე აღარ არიან. დაფინანსების შეწყვეტასთან ერთად მათი არსებობაც შეწყდა.

საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” დაფინანსების საკითხს განსხვავებულად უდგებოდა, წლობით ქმნიდა მდგრად და სტაბილურ გუნდს და მხოლოდ ერთ მწვრთნელთან მუშაობდა. გურბან გურბანოვი “ყარაბაღთან” უკვე რვა წელიწადი მუშაობს. კლუბის ხელმძღვანელობა მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელ მწვრთნელს მიენდო, რომლის წყალობითაც რვა წლის შემდეგ აზერბაიჯანულმა ფეხბურთმა წარმატებას მიაღწია. “ყარაბაღის” მთავარი მწვრთნელი 45 წლისაა. ის აზერბაიჯანში საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევა. ამასთან, მშვიდი, გაწონასწორებული და აბსულუტურად “არავარსკვლავური” ადამიანია.

ყარბაღი თითოეული აზერბაიჯანელისთვის მტკივნეული თემაა, მით უმეტეს, იძულებით გადაადგილებული პირისთვის. შესაბამისად, გუნდის ყოველ წარმატებას საზოგადოება დიდი კმაყოფილებით ხვდება. ეს კლუბის ხელმძღვანელობასაც კარგად ესმის. კლუბის სპონსორი კომპანია “აზერსუნია”, რომელსაც თურქეთის მოქალაქეები მართავენ. კლუბში წამყვან ხელმძღვანელ ადგილებსაც ისინი იკავებენ. “ყარაბაღი” “აზერსუნის” ბრენდის პოპულარობაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამის გამო ეს თანამშრომლობა ურთიერთსარგებლიანია. “ყარაბაღი” აზერბაიჯანის ბიუჯეტიდან ერთ მანათსაც არ იღებს, განსხვავებით “ნეფთჩისგან”, რომელსაც SOCAR აფინანსებს.

ჯერ კიდევ “ყარბაღის” დაგეგმილ მატჩამდე და მისი ისტორიულ გამარჯვების შემდეგაც, აზერბაიჯანელი ინტერნეტმომხმარებლების მიერ სოციალური ქსელები გადაივსო კომენტარებით. ამჯერად “ყარაბაღის” სახელი ევროპაშიც გაიგეს. აზერბაიჯანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის მთავარი სენსაცია გახდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა – პრესტიჟი და საფეხბურთო კლუბის უმაღლესი მიღწევაა არც ისე განვითარებული ფეხბურთის მქონე ქვეყნისთვის. გარდა ამისა, ეს დიდი შემოსავალიცაა. ჯგუფურ ეტაპზე გადასვლით გუნდს 12,7 მილიონი ევრო აქვს გარანტირებული. აზერბაიჯანული კლუბისთვის ეს დიდი ფულია, რომელიც გუნდს თვითრჩენის საშუალებასაც მისცემს. ჩემპიონთა ლიგის შემოსავლის წყალობით “ყარაბაღი” სამხრეთ კავკასიის მასშტაბით პირველი კლუბი გახდება, რომელიც საკუთარი გამომუშავებული ფულით შეძლებს არსებობას.

ჩემპიონთა ლიგის ჯგფური ეტაპის კენჭისყრის შესაბამისად, “ყარაბაღი” ერთ ჯგუფში მოხვდა ინგლისის ჩემპიონ “ჩელსისთან”, ესპანურ “ათლეტიკოსთან” და იტალიის “რომასთან”. ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში სამივე კლუბის ათასობით გულშემატკივარიც ჩამოვა.

საფეხბურთო კლუბი "ყარაბაღის" დახვედრა; ფოტო: pfl.az

საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღის” დახვედრა; ფოტო: pfl.az

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თეიმურ მაკსუტოვი არის ბაქოში მცხოვრები ჟურნალისტი. მუშაობს სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის. ნეტგაზეთს ის პერიოდულად აწვდის მასალებს 2016 წლის მარტიდან.