ახალი ამბები

როგორ აღნიშნავს საქართველო 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს

2 მაისი, 2013 • • 2277
როგორ აღნიშნავს საქართველო 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს

საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, ამ დღესთან დაკავშირებით  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის (გარდა თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა) ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემა, ომის მონაწილეებისათვის 200 ლარის და ომში დაღუპულთა თითოეული მარჩენალდაკარგულისათვის 100  ლარის ოდენობით.


განკარგულების მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის 200 ლარის და ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგულებისათვის 100  ლარის ოდენობის ფულადი დახმარების მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფა და გაცემა თბილისის მერიას უნდა ეთხოვოს.


რაც შეეხება უშუალოდ საზეიმო ღონისძიებებს, ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა 8 მაისიდან დაიწყება. 8 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის  ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მიღება გაიმართება. ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნის კონტექსტში საქართველოს მასშტაბით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისათვის სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარებაცაა დაგეგმილი.


9 მაისს კი თბილისში, გამარჯვების პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დროშებით, საპატიო ყარაულით და სასულე ორკესტრით შესაბამისი ღონისძიების უზრუნველყოფა მოხდება.


განკარგულების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სხვა ტელეკომპანიებს ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გაშუქება უნდა ეთხოვოს.

განკარგულების მიხედვით, ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების დაფინანსება უნდა განხორციელდეს შესაბამისი მონაწილე უწყებებისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი