ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას თამარ მეარაყიშვილის დახმარებისკენ მოუწოდებს

19 აგვისტო, 2017 • 2542
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას თამარ მეარაყიშვილის დახმარებისკენ მოუწოდებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით ეხმაურება ახალგორელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს და საქართველოს სახელწმიფოს მოუწოდებს, დაეხმაროს თავის მოქალაქეს, რომელსაც ამ ეტაპზე ადვოკატის მომსახურებისთვის საჭირო თანხა არ აქვს:

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ახალგორელი აქტივისტის, ნეტგაზეთის ფრილანსერი ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ ის 16 აგვისტოს რამდენიმე საათით დააკავა, მმართველი პარტიის მიმართ ცილისწამებაში დასდო ბრალი და სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

თამარ მეარაყიშვილი, რომელიც საჯაროდ ხშირად საუბრობს ხოლმე ახალგორში არსებულ პრობლემებზე და ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვაზე ადრეც დაიბარეს. 2017 წლის 8 ივნისს კი ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და აქტივისტი სახლში მალევე დააბრუნეს.

როგორც თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, მას ადვოკატის მომსახურებისთვის საჭირო თანხა არ აქვს და სასწრაფოდ ესაჭიროება ფინანსური დახმარება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა რესურსი აქტივისტის დასახმარებლად. სწორედ ხელისუფლებას ევალება საკუთარი მოქალაქის დაცვა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა,” – ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ: საქართველოს ბანკი, GE95BG0000000667456100, მარინა მეარაყიშვილი, Marina Mearakishvili

თამარ მეარაყიშვილის ადვოკატი ახალგორში დღეს, 19 აგვიტოს ვლადიკავკაზიდან ჩავა.


აქტივისტს ახალგორიდან თამარ მეარაყიშვილს ბრალს დებენ მმართველი პარტიის, “ერთიანი ოსეთის” მიმართ ცილისწამებაში. საქმე შეეხება რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” გაკეთებულ კომენტარს ახალგორში პოლიტიკურად მოტივირებულ საკადრო ცვლილებებზე. თუმცა, მისი სამართლებრივი დევნა რეალურად მის აქტივიზმს უკავშირდება.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” რესპონდენტის სტატუსით რაიონის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, მუდმივად წერს და საუბრობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვაზე პირველად არ დაუბარებიათ.

2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი