ახალი ამბები

შსს-მ აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევაზე 35 შეტყობინება მიიღო

17 აგვისტო, 2017 • 2844
შსს-მ აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევაზე 35 შეტყობინება მიიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციას აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის შესახებ ახალი ნორმების ამოქმედების შემდეგ  35 შეტყობინება მიიღო.

35 შეტყობინებიდან 4-ზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გაფრთხილება მისცეს. დანარჩენ შემთხვევებში  კი რეაგირების ოქმი შეადგინეს. 2 შეტყობინების ინიციატორი კი შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს არ დახვდა.

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ შესული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით 35 გამოძახება დაფიქსირდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 4 სამართალდამრღვევს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გაფრთხილება მისცეს, დანარჩენ შემთხვევებში – რეაგირების ოქმი შეადგინეს, 2 შეტყობინების ინიციატორი კი შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო ეკიპაჟს არ შეხვდა” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, იმისათვის, რომ დადგინდეს აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტი, საპატრულო ეკიპაჟს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შევიდეს შესაბამისი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე. თუმცა, რიგ შემთხვევებში, უწყების განცხადებით, მოსახლეობამ საპატრულო ეკიპაჟებთან არ ითანამშრომლა.

“აქვე აღსანიშნავია, რომ ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები სიახლეს წარმოადგენს, სამართალდარღვევის ჩადენის პირველ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, საპატრულო ეკიპაჟი დამრღვევ პირს ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ნაცვლად სიტყვიერ შენიშვნას აძლევს. პოლიციელები ასევე აფრთხილებენ დამრღვევ პირს, რომ მსგავსი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი” – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.


15 აგვისტოდან ამოქმედდა ხმაურის შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება მას, ვინც დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმას გადაამეტებს.

კანონის მიხედვით, დღის საათებად ითვლება 08.00-დან 23.00 საათამდე, ღამის საათებად – 23.00–დან 08.00 საათამდე.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლების, კერძო საკუთრების, უძრავი ქონების და საზოგადოებრივი დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე შემდეგი სახის სანქციები მოქმედებს:

  • პირველ ჯერზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს გააფრთხილებენ.
  • გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა- გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით.
  • დაჯარიმებული პირი თუ კიდევ ჩაიდენს ამგვარ სამართალდარღვევას, მაშინ მას დააჯარიმებენ 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირს  კი– 1000 ლარის ოდენობით.

სანქციები პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებაზე:

  • ღამის საათებში პიროტექნიკურ ნაკეთობათა გამოყენება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის- 500 ლარის ოდენობით.
  • სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 ლარის ოდენობით.
  • ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება 31 დეკემბრის 21 საათიდან 2 იანვრის 23 სთ-მდე, 13 იანვრის 21 სთ-დან 14 იანვრის 23 სთ-მდე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (9 აპრილი და 26 მაისი) სადღესასწაულო დღეებზე.

ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილია „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი (საჯარო) შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.

ამ კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 28 ივნისს დაუჭირა მხარი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი