ახალი ამბები

პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი დაამტკიცა

28 ივნისი, 2017 • 6489
პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი დაამტკიცა

დღეს, 28 ივნისს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით,  83 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ადმინსიტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის. დღის საათებად ითვლება 08.00 სთ-დან 23.00 სთ– მდე, ღამის საათებად – 23.00 სთ–დან 08.00 სთ–მდე.

“ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დღისა და ღამის    საათებში საცხოვრებელი სახლების, კერძო საკუთრების, უძრავი ქონების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება‐  გამოიწვევს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას.

გაფრთხილებიდან  ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა- გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, იურიდიული პირის- 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

ამ სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა ან/და ამ ქმედების ჩადენის შემდგომ იმავე ქმედების განხორციელება ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის სტატუსის გაუქმებამდე გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 (სამასი) ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილია „საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი (საჯარო) შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით.

ხმაური

ამავე ცვლილებებით, ღამის საათებში პიროტექნიკურ ნაკეთობათა გამოყენება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, იურიდიული პირის- 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.  სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა- გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის- 300 (სამასი) ლარის ოდენობით, იურიდიული პირის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის (31 დეკემბრის 21 სთ- დან 2 იანვრის 23 სთ-მდე, 13 იანვრის 21 სთ-დან 14 იანვრის 23 სთ-მდე), საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (9 აპრილი და 26 მაისი) სადღესასწაულო დღეებზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი