ახალი ამბები

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება

28 სექტემბერი, 2023 • 1044
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

კერძოდ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება:

  • პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში  — 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას;
  • განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში- 5000 ლარის ოდენობით;
  •  ხოლო ამის შემდეგ, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში- 10 000 ლარის ოდენობით.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები აქამდეც არსებობდა, პრაქტიკაში ხშირია აღნიშნული ნორმის დარღვევის ფაქტები.

კანონპროექტის ავტორების თანახმად, აღნიშნული ცხადყოფს, რომ არსებული რეგულაციის ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. შესაბამისად, ისინი პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზად დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდას მიიჩნევენ, რამაც შესაძლებელია მიიღოს უფრო ეფექტური პრევენციული ხასიათი.

„ცხადია, რომ სამართალდამრღვევთათვის კანონით დაწესებული ჯარიმები არ არის სამართალდარღვევების ჩადენის შემაკავებელი ფაქტორი. ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს თავად სამართალდამრღვევის ხასიათზე, ან ამ ქმედებისათვის დადგენილი სანქციების ზომებზე. ზემოაღნიშნულ პრობლემაზე ნათლად მიუთითებს არსებული სტატისტიკაც.

მაგალითად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებით შედგენილი სამართალდარღვევის
ოქმების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მზარდია. 2021 წლის მონაცემებით შედგა 148 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, 2022 წელს ეს რაოდენობა 253-მდე გაიზარდა, რაც შეეხება მიმდინარე, 2023 წლის მონაცემებს, მხოლოდ იანვარი-ივლისის თვის ჩათვლით, შედგენილია 344 სამართალდარღვევის ოქმი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

აკუსტიკური ხმაურის დასშვები ნორმების დარღვევის სტატისტიკა 2021 – 2023 წლებში

მასალების გადაბეჭდვის წესი