თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს–ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ვ.ლ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1967 წელს დაბადებულ გ.პ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შსს–ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ვ.ლ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.