ახალი ამბები

პრემიერი: სამაშველო სამსახური კიდევ უფრო გასაძლიერებელია

10 აგვისტო, 2017 • 1756
პრემიერი: სამაშველო სამსახური კიდევ უფრო გასაძლიერებელია

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამაშველო სამსახური კიდევ უფრო გასაძლიერებელია, რადგან ტურისტების მატებასთან ერთად, გამოწვევებიც იზრდება და ყოველდღიურ რუტინად იქცა 5–10 ადამიანის გაუჩინარება ზღვისპირეთში.

“თითქოს ყოველდღიურ რუტინად იქცა 5-10 ადამიანის გადარჩენა ზღვისპირეთში და უკვე 100-ზე მეტია მაშველების მიერ გადარჩენილ ადამიანთა რიცხვი. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ამ სტრუქტურის გამართულ მუშაობას და იმ ადამიანების გმირობას, რომლებიც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავენ. ვფიქრობთ, ეს სტრუქტურა არის რა თქმა უნდა კიდევ უფრო გასაძლიერებელი. ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რიცხვის მატებასთან ერთად, გამოწვევებიც იზრდება და ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო სტრუქტურის მუშაობა ამ გაზრდილი გამოწვევების პირობებში, რაც ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება,” – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერიასევე გამოეხმაურა გახშირებული ხანძრების საკითხს, კონკრეტულად კი მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილ ძლიერ ხანძარს. მან მადლობა გადაუხადა მეხანძრე–მაშველებსა, შს მინისტრსა და მოქალაქეებს, რომლებმაც, მისი თქმით, ძალიან დიდი სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს:

“ჩვენ ავიცილეთ ცეცხლის გავრცელება საცხოვრებელ მასივებზე, რაც ვფიქრობთ, მეხანძრე-მაშველების მართლაც გამორჩეული გმირობის შედეგია. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და მაშველებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანების გმირობა არავისთვის დარჩა შეუმჩნეველი, ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც ძალიან დიდი სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს და სტიქიას მაშველებთან ერთად ებრძოდნენ.”

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნამდვილად ახასიათებს საქართველოს მოქალაქეებს ასეთ მომენტებში მსგავსი კონსოლიდაცია და ეს მართლაც გამორჩეული თვისებაა, რომელიც ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს: “ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ცეცხლის ჩაქრობაში ერთი დღის წინ თბილისში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი