გირჩმა ცესკოში 25 000 ხელმოწერა ეტლით მიიტანა

‘გირჩმა’ 28 000 ხელმოწერა ცესკოში ხურჯინით და ფაეტონით მიიტანა

დღეს, 31 ივლისს “ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ცესკოში 28 ათასი ხელმოწერა ცხენითა და ეტლით მიიტანა.

გირჩს 28 ათასი ხელმოწერა იმისთვის სჭირდება, რომ 2017 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რომ ამ ფორმით ხელმოწერების მიტანით მან გააშარჟა მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა და ცესკოს მოთხოვნა, რომ ხელმოწერები კანდიდატებმა ადგილზე მიტანით უნდა ჩააბარონ.

“2017 წელია, 21-ე საუკუნე, უახლოეს 5-10 წელიწადში ადამიანები აპირებენ მარსზე დასახლებას. ამ პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ ქვეყანაში და კანონმდებლობა გვაიძულებს, რომ მაკულატურა შევაგროვოთ რამდენიმე კილო, რამდენიმე კილომეტრზე ვათრიოთ და ორგანიზაციას ჩავაბაროთ, რაც უბრალოდ არის სირცხვილი. კანონმდებლობა და საარჩევნო ინსტიტუტი ჩარჩენილია პრეინდუსტრიულ ხანაში, სანამ შიდა წვის ძრავას მოიგoნებდნენ. ამიტომ ეს ანტურაჟი იყო აქედან გამომდინარე, მაგიტომაც მოვიტანეთ ფაეტონით და ხურჯინით. აგერ უსტარიც გვქოდა მოტანილი, სადაც განცხადება იყო დაწერილი უსტარზე ბატის ბუმბულით, მაგრამ არ ჩაიბარეს, ეს არ გვჭირდებაო”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

25 ათასი ხელმოწერის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ 2017 წლის 3 ივლისს განაცხადა, მისი თქმით, თუ პარტია ამ ოდენობის ხელმოწერას და მხარდამჭერს ვერ მოიძიებს, ის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ზურაბ ჯაფარიძემ 28 ივლისს კი განაცხადა, რომ ყალბ ხელმოწერებს გამოიყენებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com