ტარას შავშიშვილი: პატრიარქის დეზინფორმირების პრობლემას ძალიან ხშირად ვაწყდებოდით

ტარას (ტატო) შავშიშვილი – თბილისის 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი და განათლების პროფესიული “სინდიკატის” ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ბოლო პერიოდში საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, მისი მეგობრის, საპატრიარქოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის – სოსო ოხანაშვილის რეკომენდაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ს ესაუბრა. მანამდე ის სასამართლში დაიკითხა მოწმედ, თუმცა მაშინ მედიასთან საქმის დეტალებზე არ უსაუბრია.

შავშიშვილის განცხადებით, არც შორენა თეთრუაშვილისთვის და არც მეუფე იაკობისთვის არ იყო მისაღები ის, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც საკმაოდ ახლოს იყოს პატრიარქთან, მუშაობდა თანამდებობაზე, რომლის ფარგლებშიც იკვლევდა საპატრიარქოს ქონებრივ და ფინანსურ პრობლემებს.

შავშიშვილის თქმით, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სწორედ მან ნახა გიორგი მამალაძე თბილისში, ჟვანიას მოედანზე. მისი თქმით,  მამა გიორგის საპატრიარქოდან წამოღებული სასაჩუქრე ღვინოები გადასცა, რომელიც პატრიარქს უნდა ეჩუქებინა გერმანიაში ექიმებისთვის.

შავშიშვილი ამბობს, რომ არანაირი კონსპირაციული შეხვედრა არ ჰქონია დეკანოზთან და არც ციანიდთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, თუმცა ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა და სწორედ ციანიდს ეძებდნენ გამომძიებლები.

შავშიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ პატრიარქს სურდა თავდაპირველად გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლება, თუმცა შემდეგ მოხდა მისი დეზინფორმირება და ამაზე საუბარი მორჩა.

“ყველაზე მწვავე პრობლემა, ეს არის პატრიარქის დეზინფორმირება, რომელსაც ძალიან ხშირად ვაწყდებოდით ჩვენ, რაც შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა საპატრიარქოს მთლიანად. ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად დადიოდნენ საპატრიარქოში. ბოლო პერიოდში უწმინდესს ჰქონდა სურვილი, რომ თავდებით ეშუამდგომლა სასამართლოსთან, რომ მამა გიორგი გამოსულიყო გარეთ და გამოძიება გაგრძელდებოდა. ამაზე იყო საუბარი, შემდეგ გაიმართა რამოდენიმე შეხვედრა, რასაც ესწრებოდნენ ხელისუფლების და საპატრიარქოს თანამშრომლები და შემდეგ უკვე ამაზე საუბარი მორჩა”, – განუცხადა რუსთავი 2–ს შავშიშვილმა.

მან სხვა დეტალებზე არ ისაუბრა და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ “საპატრიარქოს დისკრედიტაცია არის ძალიან მძიმე თემა” მისთვის.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან- რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ციანიდით მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. დეკანოზი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ციანიდის შეძენა თეთრუაშილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი