ახალი ამბები

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ნგრევის შედეგად 2 მუშა დაშავდა

29 ივლისი, 2017 • 2700
ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ნგრევის შედეგად 2 მუშა დაშავდა

ხარაგაულში მშენებარე სარკინიგზო გვირაბის ფრაგმენტის ჩამონგრევის შედეგად ორი მუშა დაშავდა, ერთი მათგანის – თამაზ ტალახაძის მდგომარეობა მძიმეა და ამჟამად თბილისში, კლინიკა “ლანცეტში” გადაჰყავთ ხარაგულიდან.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელის, ილია ლეჟავას თქმით, შემთხვევა დღეს, დაახლოებით 11:00 საათისთვის მოხდა. მისი განცხადებით, სავარუდოდ, ადგილზე არ იყო დაცული შრომითი უსაფრთხოების პირობები.

“რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მაისში იყო შემოწმებაზე ამ კომპანიაში და ჩვენ საკმაოდ ვრცელი რეკომენდაციები გავეცით დარღვევებთან დაკავშირებით, ჩვენ – პროფკავშირს, სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია, გარდა რეკომენდაციების გაცემისა. ჩვენი რეკომენდაციები რამდენად შესრულდა, ეს უნდა შეგვემოწმებინა უკვე სექტემბერის თვეში და ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვიცით, შეასრულა თუ არა კომპანიამ რეკომენდაციები, რაც მაშინ გავეცით. მაშინ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა შრომითი უსაფრთხოების კუთხით,” – განუცხადა ნეტგაზეთს ილია ლეჟავამ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პასუხისმგებელია როგორც სამუშაოების მწარმოებელი კომპანია – შპს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო”, ასევე “საქართველოს რკინიგზა”, რომელიც არის ამ კომპანიის დამქირავებელი.

“საქართველოს რკნიგზა არ არის მაკონტროლებელი ორგანო შრომის სტანდარტების დაცვის კუთხით. ჩვენ გვეხება ერთადერთი საკითხი, რომ როდესაც ჩაგვაბარებს აშენებულ გვირაბს კომპანია, რომელსაც ახლა აშენებს, რამდენად შეესაბამება სტანდარტებს. სხვა საკითხებში ჩვენ ვერ ჩავერევით,” – უთხრა “ნეტგაზეთს” დაჩი ცაგურიამ, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელმა.

შპს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” ადასტურებს, რომ 29 ივლისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში მდებარე მე-7 გვირაბის მშენებლობის დროს, ორი მუშა დაშავდა, თუმცა მატი ინფორმაციით, გვირაბის ჩამონგრევას ადგილი არ ჰქონია და გვირაბის საექსკავაციო ნაწილში მხოლოდ მცირე მოცულობის ქვა ჩამოვარდა.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვირაბის მშენებლობის პროცესში, დაშავებული მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული. ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი აღჭურვილობით. უბედური შემთხვევის
შემდეგ, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება იმისათვის, რომ დაშავებულებისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა ოპერატიულად მომხდარიყო. აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენი კომპანია სრულად დაფარავს მკურნალობის ხარჯებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს თამაზ ტალახაძის სწრაფ
გამოჯამრთელებას”, – აცხადებს შპს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო”.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი