სასჯელაღსრულების სამინისტროში შესაძლო კორუფციული ტენდერების საქმეს პროკურატურა იძიებს

სასჯელაღსრულების სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შესაძლო კორუფციული გარიგებების საქმეს პროკურატურა იძიებს.

გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებებით გავრცელებული განცხადებები.

“კერძოდ,  2017 წლის 10 ივლისს  გავრცელდა მოქალაქე გიორგი ბაჯელიძის განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სამ შემთხვევაში – შპს „ბეიქერთან“, შპს „ნილთან“ და შპს „ქალი და ბიზნესთან“ ხელშეკრულებების გაფორმება მოხდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევით და სამინისტროს ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა კორუფციული გარიგების ფაქტს.

აღნიშნულის საპასუხოდ  სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც გ. ბაჯელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, სამინისტროს შპს „ნილთან“ არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა  გაფორმებული და ხსენებული კომპანია  არ ახდენდა პატიმრებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას, ხოლო დანარჩენ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით. კახა კახიშვილმა აღნიშნულ განცხადებაში  სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისა და გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა”, – იუწყება პროკურატურა.

სასჯელაღსრულების სამინისტროში შესაძლო კორუფციული ტენდერების თაობაზე სუს–ის ყოფილმა თანამშრომლებმაც ისაუბრეს, ერთ–ერთი მათგანი შპს “ბეიქერის” ერთ–ერთი მფლობელის ყოფილი ცოლია, რომლის თქმით, ამ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში დაეხმარა სუს–ის უფროსი ვახტანგ გომელაური, რომელიც გომელაურის ნათესავია.

ვრცლად ამ თემის გასაცნობად გადადით ამ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი