ახალი ამბები

გომელაური პოლიციელთა მიერ აქციაზე ხალხის ცემაზე: გამოიწვია გაუგონარმა შეურაცხყოფამ

19 აპრილი, 2024 • 993
გომელაური პოლიციელთა მიერ აქციაზე ხალხის ცემაზე: გამოიწვია გაუგონარმა შეურაცხყოფამ

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, 15-16 აპრილს თბილისში მიმდინარე აქციებისას ადმინისტრაციული წესით 40 ადამიანი დააკავეს და დაშავდა 5 პოლიციელი.

დღეს, 19 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გომელაურმა თქვა, რომ პოლიცია იცავდა როგორც დეპუტატების და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, ისე აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას. მისივე თქმით, ზოგიერთი მომიტინგე გახდა აგრესიული და სამართალდამცველებს ქვებს და ბოთლებს ესროდა.

„15 და 16 აპრილს, აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იყო როგორც პარლამენტის დეპუტატებისა და აპარატის წევრების, ისე აქციის თითოეული მონაწილის უსაფრთხოების დაცვა. საზოგადოებამ ისიც ნახა, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ქმედებებში.

მაშინ, როცა საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში, მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართ ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს. ეს ტელევიზიებშიც კარგად ჩანდა. ჩართეთ თუნდაც ოპოზიციური ტელევიზიები… ამ ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით“, — განაცხადა გომელაურმა.

მისი თქმით, გარკვეული ძალების მიზანი ესკალაციის შექმნა იყო.

ამასთან, გომელაურის გამოსვლიდან ცხადი ხდება, რომ 16 აპრილის აქციის დასრულებისას სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გაუსწორდნენ.

„16 აპრილს, გვიან ღამით, როცა სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ ოჯახის წევრებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ, იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ ნამდვილად. ამის შემდეგ მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი ნამდვილად, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ეს არის დაუშვებელი“, — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე, სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მოქალაქეებს ჩიხებში მისდევდნენ და დამარტოხელებულ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

შსს-ს თანამშრომლებმა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იძალადეს სამ ჟურნალისტზე. მათ შორის არიან გამოცემების, „ტაბულას“, „აპრილი მედიის“ და „პუბლიკის“ ჟურნალისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი