ახალი ამბები

რა კავშირი აქვს სუს-ის უფროსს სასჯელაღსრულების სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვებთან

11 ივლისი, 2017 • 2764
რა კავშირი აქვს სუს-ის უფროსს სასჯელაღსრულების სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვებთან

სასჯელაღსრულების მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ერევა სახელმწიფო შესყიდვებში, რომელსაც სასჯელაღსრულების სამინისტრო ახორციელებს. 2017 წლის მონაცემებით კი, სამინისტროს გამარტივებული წესით 1 139 177 ლარის ოდენობის შესყიდვა აქვს განხორციელებული შპს “ბეიქერიდან”, რომლის 50%-იანი წილის მფლობელია სუს -ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ნათესავი.

“მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სუს-ს არანაირი კავშირი ტენდერებთან მიმართებაში სასჯელაღსრულებაში არ აქვს და ესაა უბრალოდ პოლიტიკური აქცენტები”,- განაცხადა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შეკითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, არც იმაშია დარწმუნებული, რომ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ახლო ნათესავია. მინისტრმა განაცხადა, რომ 3 თვეში ერთხელ სამინისტრო ახალ კონტრაქტს აფორმებს შპს “ბეიქერთან”, მას შემდეგ, რაც ფასთა კვლევას ატარებს.

მანამდე მინისტრმა ბრიფინგი გამართა, სადაც იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელთა შესახებც ორგანიზაციამ “შეაჩერე კორუფიცა” განაცხადა:


სასჯელაღსრულების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, რომლებიც სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვებს უკავშირდება, 2017 წელს სამინისტროს გამარტივებული შესყიდვის წესით შპს “ბეიქერთან” ოთხჯერ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, ოთხივე ხელშეკრულების ღირებულება, ჯამში, 1 139 177 ლარია.

თავის მხრივ, შპს “ბეიქერის”, რომელიც 2016 წლის ივლისში რეგისტრირებული კომპანია, 50%-იან წილს ფლობს ზურაბ გიორგაძე. გიორგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ნათესავია. გადაცემა  “პოსტსკრიპტუმში” 10 ივლისს გავიდა სიუჟეტი, სადაც ნინო ნიქაბაძე, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ზურაბ გიორგაძის ცოლი იყო, საუბრობს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. ნინო ნიქაბაძე ამბობს, რომ მისი ქმარი და კომპანია  შპს “ბეიქერის” 50%-იანი წილის მფლობელი ზურაბ გიორგაძე ვახტანგ გომელაურის ცოლისძმის გერია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყოფენ ბრალდებას, რომ ვახტანგ გომელაური რაიმე ფორმით ერევა სასჯელაღსრულების სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი