“პრემია 17-ჯერ” – აუდიტის დასკვნა ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის ხარჯებზე

ფინანსთა სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებმაც 2016 წლის განმავლობაში პრემია 17 -ჯერ აქვთ მიღებული, ზოგიერთს- 16-ჯერ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელმაც სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტი განახორციელა. აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროში ხარჯვის კუთხით არსებულ რამდენიმე პრობლემურ მიმართულებაზე საუბრობს:

დასკვნაში ვკითხულობთ:

2016 წელს აპარატის 40 თანამშრომელზე გამონაკლისის სახით გაცემულია პრემია ზღვრული ოდენობის ზევით, თუმცა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირის შუამდგომლობაში არ იყო მითითებული, თუ რის გამო ჩაითვალა მიზანშეწონილად გაცემულიყო პრემია დადგენილი ნორმის ზევით. კერძოდ, 3 დამხმარე მოსამსახურეს მიღებული აქვს პრემია თითეულს 17-ჯერ, 21 დამხმარე მოსამსახურეს, თითეულს 16-ჯერ, 2 დამხმარე მოსამსახურეს, თითეულს 15-ჯერ, ერთს 8-ჯერ. ასევ, 8-ჯერ აქვთ მიღებული პრემია სპეციალისტებსა და სამმართველოს უფროსებს. 19 თანამშრომელზე წლის განმავლობაში გაცემული პრემიების ჯამური სიდიდე გადაჭარბებულია თანამდებობრივი სარგოს შვიდმაგ ოდენობაზე, ხოლო ერთჯერადად გაცემული პრემია თანამდებობრივ სარგოს აღემატება 107 შემთხვევაში.

გარდა ამისა, დასკვნის თანახმად, 2016 წელს აპარატის 40 თანამშრომელზე გამონაკლისის სახით გაცემულია პრემია ზღვრული ოდენობის ზევით, “თუმცა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირის შუამდგომლობაში არ იყო მითითებული, თუ რის გამო ჩაითვალა მიზანშეწონილად გაცემულიყო პრემია დადგენილი ნორმის ზევით”

“19 თანამშრომელზე წლის განმავლობაში გაცემული პრემიების ჯამური სიდიდე გადაჭარბებულია თანამდებობრივი სარგოს შვიდმაგ ოდენობაზე, ხოლო ერთჯერადად გაცემული პრემია თანამდებობრივ სარგოს აღემატება 107 შემთხვევაში. წლის განმავლობაში დანამატების სახით გაწეულმა ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 2,306.1 ათასი ლარი, აქედან „შრომის ანაზღაურების“ მუხლში წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე გაიცა მხოლოდ 176.1 ათასი ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ არც ბრძანებით და არც სხვა რაიმე დოკუმენტით პერსონალზე დაკისრებული საპასუხისმგებლო ფუნქციები არ იყო დაკონკრეტებული. წარმოდგენილი დოკუმენტაციით (სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის აღრიცხვის გაანგარიშების ტაბელები, ასევე არ დასტურდება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება იმ მოხელეთა მხრიდან, რომლებზედაც გაიცემოდა დანამატები საანგარიშო პერიოდში”.

სამივლინებო ხარჯები

დასკვნის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ გაწეულმა მივლინების საკასო ხარჯებმა 305,545 ლარი შეადგინა. მათ შორის 15,270 ლარი გახარჯულია ქვეყნის შიგნით, ხოლო 290,275 ლარი- ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებებზე.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებების დროს ავიაბილეთების შეძენაზე გახარჯულია  87,338 ლარი. აქედან გაწეული ხარჯის 94,7% შეადგენს ერთი კომპანიის, შპს ,,თრეველინისგან” ბილეთების შესაძენად გადახდილ თანხას.

ობიექტის განმარტებით, თანამშრომელთა მივლინებებისათვის ავიაბილეთების შესასყიდად ბაზრის მოკვლევა არ მიმდინარეობს, რადგანაც თითოეული თანამშრომელი, რომელიც უნდა გაემგზავროს მივლინებაში, თავად არჩევს, სად შეიძინოს ავიაბილეთი. შესაბამისად, აპარატს არ გააჩნდა ინფორმაცია, რამდენად რაციონალურად ხორციელდებოდა ავიაბილეთების შესაძენად საბიუჯეტო სახსრების გახარჯვა, რაც კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს.

აუდიტის დასკვნის თანახმად, ქვეყნის შიგნით მივლინებებისას საცხოვრებელი ფართის დაქირავებისას ზოგიერთ შემთხვევებში გადახდილია მაღალი ოდენობის თანხები:

“მაგალითად: 2016 წლის 30 ივლისს დ. ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ განთავსების 1 დღის ღირებულებამ შეადგინა 704 ლარი, რაც აღემატება არა მხოლოდ საქართველოში არსებულ საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებას, არამედ 3-ჯერ და მეტად აღემატება ისეთი ქვეყნების საცხოვრებელი ფართის დაქირავების ნორმებს, როგორებიცაა იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი და სხვა”, – ნათქვამია დასკვნაში და აღნიშნულია, რომ 2016 წლის 13 ივლისს ქ. ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ 1 დღე-ღამით განთავსების ღირებულებამ შეადგინა 649 ლარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო კლასის სასტუმროს ღირებულებას.

წარმომადგენლობითი ხარჯები

აუდიტის სამსახურმა 2016 წელს სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯებიც შეისწავლა.

2016 წელს სამინისტროს მიერ გაწეულმა საკასო ხარჯმა მუხლით „წარმომადგენლობითი ხარჯები“ 109.6 ათასი ლარი შეადგინა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, წარმომადგენლობითი ხარჯების ფარგლებში, სარესტორნო მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით გამოვლინდა კონტროლის მექანიზმების სისუსტეები, კერძოდ:

ბრძანებებში არ იყო მითითებული სტუმრების რაოდენობა, ღონისძიების ჩატარების ადგილი, დრო და სავარაუდო ხარჯები. მოხსენებით ბარათებში არ იყო დაკონკრეტებული ღონისძიებაში მონაწილე პირთა ვინაობა, ხოლო 2 შემთხვევაში საერთოდ არ იყო მითითებული, თუ რამდენ კაცზე უნდა გამართულიყო ღონისძიება (სადილი). სარესტორნო მომსახურების გაწევისას არ არის წარმოდგენილი მიღება- ჩაბარების აქტები და ჩეკ-მენიუები, შესაბამისად, ვერ დგინდება ღონისძიებაში მონაწილე პირთა რაოდენობა. ობიექტის განმარტებით: „სარესტორნო მომსახურებების შესყიდვისას მენიუ-ჩეკები და მიღება-ჩაბარების აქტები სამინისტროსთვის არ წარმოადგენდა აუცილებელ და სავალდებულო დოკუმენტს“, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას, ყველა სხვა შემთხვევაში, გარდა სარესტორნო მომსახურებისა, აპარატის მიერ მ/ჩ აქტები შედგენილია.

დასკვნის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში სარესტორნო მომსახურებაზე გაწეულია არაგონივრულად მაღალი ოდენობის ხარჯები. კერძოდ:

  • 2016 წლის 25 აგვისტოს რესტორან „კოპალაში“ 14 პერსონის მისაღებად გამართულ ღონისძიებაზე გაწეულია 2,397 ლარის ოდენობის ხარჯი, ანუ 1 პერსონაზე გახარჯულია 171 ლარი.
  • 2016 წლის 5 დეკემბერს აპარატის მიერ რესტორან „ფუნიკულიორში“ გამართულ საქმიან ვახშამზე 1 პერსონისათვის გადახდილია 188 ლარი (ჯამში, 25 პერსონაზე 4,689 ლარი), მაშინ, როდესაც იმავე რესტორანში საგამოძიებო სამსახურის მიერ იტალიელი სტუმრებისათვის გამართულ ვახშამზე 1 პერსონაზე გადახდილი იყო 75 ლარი. (სულ 8 პერსონაზე 600 ლარი).
  • 2016 წლის 8 დეკემბერს რესტორან ,,VINOTEL“-ში 20 პერსონის მისაღებად გადახდილია 3,259 ლარი, რამაც 1 პერსონაზე შეადგინა 163 ლარი, მაშინ, როცა იმავე რესტორანში 19 დეკემბრის ვახშამის ღირებულებამ შეადგინა 1,485 ლარი, ანუ 1 პერსონაზე 99 ლარი.

აუდიტის სხვა მიგნებებს და დოკუმენტს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ფინანსთა სამინისტროში აუდიტის სამსახურის დასკვნას პასუხი კვლევაში მოცემულ ორ მიმართულებაზე გასცეს: პრემიებზე და წარმომადგენლობით ხარჯებზე:

“საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის N 449 დადგენილების თანახმად, შესაძლებელია პრემიების გაცემისას დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება. ამდენად, თანხების გაცემა მოხდა აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით’, – აცხადებენ სამინისტროში.

“სარესტრონო მომსახურების შეძენასთან დაკავშირებულ ბრძანებებს საფუძვლად უდევს შესაბამისი სტრუქტურის (საქვეუწყებო დაწესებულების) სხვადასხვა ხელმძღვანელთა მოხსენებითი ბარათები, რომლებიც ბრძანების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ მოხსენებით ბარათშია დეტალურად გაწერილი ღონისძიების ჩატარების ადგილი და თარიღი, სტუმრების ვინაობა და რაოდენობა, შესასყიდი მომსახურებების ჩამონათვალი.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და  „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად, სავსებით საკმარისია ანგარიშ-ფაქტურების ან/და ინვოისები, სადაც თითოეული მოთხოვნილი რეკვიზიტია მითითებული, რაც საკმარისია შესყიდვების დამადასტურებლად.

რაც შეეხება სარესტორნო მომსახურებისას გაწეულ ხარჯებს შორის განსხვავებებს, ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური ფაქტორით, მათ შორის, დელეგაციის ოფიციალური პირების რანგის და ღონისძიების სტატუსის გათვალისწინებით”, – ამბობენ სამინისტროში.

ფინანსთა სამინისტროსაგან ნეტგაზეთმა აუდიტის დასკვნაზე პასუხი წერილობით მიიღო.

2016 წლის 27 ნოემბრამდე ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ნოდარ ხადურს ეკავა, ხოლო მას შემდეგ  დიმიტრი ქუმსიშვილია მინისტრი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com