ახალი ამბები

გადაცდომების უმრავლესობა ფორმალურია, ცალკეულ გადაცდომებს ვიკვლევთ – ხმალაძე აუდიტზე

5 ივნისი, 2021 • 1228
გადაცდომების უმრავლესობა ფორმალურია, ცალკეულ გადაცდომებს ვიკვლევთ – ხმალაძე აუდიტზე

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ აუდიტის ახალ ანგარიშში მოყვანილი გადაცდომების უმრავლესობა „ფორმალურ ხასიათს ატარებს“, მათ შორის თანამშრომლთა სამუშაო საათების აღრიცხვა, ცალკეულ დარღვევებზე კი მერიას დაწყებული აქვს მოკვლევა.

„არ ვამბობ, რომ ცალკეული გადაცდომები არ არსებობს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები დაფიქსირებულა ბოლო წლების განმავლობაში. სადაც დარღვევები გამოვლინდება, სათანადო რეაგირებასაც მოვახდენთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მის განცხადებას მერიის პრესცენტრი ავრცელებს.

პრესცენტრის ცნობითვე, ხმალაძემ განაცხადა, რომ ცალკეულ დარღვევებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს.

„აუდიტის სამსახურის ეს დასკვნა სიახლე არ არის. გარკვეული დარღვევები მუნიციპალიტეტში ყოველთვის ხდებოდა. მთავარია, მუნიციპალიტეტმა საქმე გააკეთოს, ასეთი ტიპის დარღვევების მიმართ ვიყოთ ყურადღებით და არსებობდეს ინსტრუმენტი და მექანიზმი, რომ მოვახდინოთ პრევენცია, რათა გადაცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ხოლო თუ ისინი მაინც განმეორდება, დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

პრესრელიზის თანახმად, ხმალაძეს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ გადაცდომებს გულისხმობდა.

აუდიტის სამსახურის ახალი ანგარიშის თანახმად, 2017-18 წლებში თბილისის მერიაში 100 000 ლარის ღირებულების საწვავი, შესაძლოა, არასამსახურებრივი დანიშნულებით გაიხარჯა.

62 ლიტრი ბენზინი 35-ლიტრიან ავზში და გახარჯული ₾100 000 – აუდიტი მერიის მანქანებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი