სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი და ხარვეზები გამოავლინა.
დოკუმენტების მიხედვით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს საანგარიშო პერიოდში დანამატის სახით მიღებული აქვთ 331.4 ათასი ლარი, ფულადი ჯილდოს სახით კი – 432 ათასი ლარი. ამასთანავე, აუდიტის დასკვნის მიხედვით, იმავე პერიოდში მოსამსახურეებზე სოციალური დახმარების სახით გაცემულია 358.2 ათასი ლარი.
უწყებაში აცხადებენ, რომ სოციალური დახმარებების გაცემის პროცესის შესწავლით გამოვლინდა მაღალი რისკი, რომ დახმარებები ფაქტობრივად არის მოსამსახურეების ფულადი წახალისება და არა სოციალური დახმარება.
დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში დასაქმებულებმა დახმარება ძირითადად მოითხოვეს საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის გაუარესების მოტივით, თუმცა განცხადებების უმრავლესობას თან არ ახლავს შესაბამისი დოკუმენტაცია. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ გასაცემი თანხის ოდენობას ადგენს ქალაქის მერი, მაგრამ გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით სარგებლობს კონკრეტულ შემთხვევაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წელს − 20 მოსამსახურეზე, 2020 წელს კი− 22 მოსამსახურეზე, წლის განმავლობაში სოციალური დახმარება ორჯერ და მეტჯერ გაიცა. ამასთანავე, 2019-2020 წლებში, 158 შემთხვევაში, ერთსა და იმავე საჯარო მოსამსახურეზე გაცემულია როგორც ფულადი ჯილდო, ასევე, სოციალური დახმარება.
აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ 2019-2020 წლებში სოციალური დახმარება გაიცა მერიის სამსახურის უფროსებზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებზე, კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეებსა და სხვა პირებზე. მათ შორის, 2019 წელს დახმარება გაიცა 11 თანამდებობის პირზე, ხოლო 2020 წელს – 17 თანამდებობის პირზეა გაცემული ერთი თვის თანამდებობრივი სარგო სრული ოდენობით. ამასთანავე, აუდიტი აღნიშნავს, რომ დახმარების მიმღები ზოგიერთი თანამდებობის პირის დეკლარაციის მიხედვით, მათ სოლიდური შემოსავლები გააჩნიათ:
„მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მოხელეებზე სათანადო დასაბუთების გარეშე გაცემული სოციალური დახმარებები სისტემურ ხასიათს ატარებს. მუნიციპალიტეტს დადგენილი აქვს ქ. ქუთაისში მცხოვრები მოქალაქეების სოციალური დახმარების გაცემის წესი. მიუხედავად ამისა, საჯარო მოსამსახურეებს დახმარება მიღებული აქვთ ისე, რომ მერიისათვის აღნიშნული წესის შესაბამისად არ მიუმართავთ. არსებობს მაღალი რისკი, რომ თანხები ფაქტობრივად არის დასაქმებულთა ფინანსური წახალისება და არა სოციალური დახმარება“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.
ამასთან, აუდიტმა შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში“ თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა პერსონალი, რომელთა ფუნქციურად დატვირთვა ვერ მოხდებოდა შპს-ისთვის ავტობუბის გადაცემამდე. შესაბამისად, დასახელებულ პერსონალზე გადახდილი თანხები არის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეული არაეკონომიური ხარჯი.
დოკუმენტში საუბარია, რომ მერიამ, ქალაქის სატრანსპორტო სისტემის უკეთესად ორგანიზების მიზნით, 2020 წლის 14 იანვარს დააფუძნა შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ შპს-ს ფაქტობრივად საქმიანობა უნდა დაეწყო მას შემდეგ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მერიას გადასცემდნენ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებებს.
თუმცა მგფ-მა მერიისთვის ავტობუსების მიწოდება 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან სექტემბრამდე ორგანიზაცია პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა, მისი საქმიანობის დასაფინანსებლად გაწეულმა ხარჯმა ამ პერიოდში 88.4 ათასი ლარი შეადგინა.
აუდიტის მიხედვით, თანხები ძირითადად გაცემულია დასაქმებული პერსონალის ხელფასის სახით. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2020 წლის თებერვალ-მარტში დაასაქმა და შესაბამისი ხარჯები გაწია ისეთ პერსონალზე, რომელთა ფიზიკური საჭიროება არ იდგა ორგანიზაციის სრულად ფუნქციონირების დაწყებამდე. კერძოდ, ამ პერიოდში შპს-ში დაინიშნენ: ექსპლოატაციის უფროსი, მგზავრთა მონიტორინგის განყოფილების უფროსი, უსაფრთხოების მენეჯერი და სხვა პერსონალი.
აუდიტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 11 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი 2019 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 31 და კერძო საკუთრებაში არსებული 116 ავტომობილით, ხოლო 2020 წელს მერია იყენებდა თავის საკუთრებაში არსებულ 23 ავტომობილს და თხოვების ხელშეკრულება გაფორმებული იყო 105 კერძო საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე.
წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, აუდიტი აცხადებს, რომ 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაიხარჯა 607.7 ათასი ლარის ღირებულების საწვავი, მათ შორის, 2019 წელს დახარჯულია 342.3 ათასი ლარი, ხოლო 2020 წელს − 265.4 ათასი ლარი.
აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის, აგაი სისტემის მონაცემები. დოკუმენტის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი.
კერძოდ, 2019-2020 წლებში გამოვლინდა 20 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 45 შემთხვევა. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა 11 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, დროის მცირე მონაკვეთში, არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის 19 ფაქტი. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, გამოვლინდა მივლინების ან/და სხვა სახის დასაბუთების გარეშე ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 484 ფაქტი.
აუდიტის სამსახურის განცხადებით, ამ შემთხვევებში დახარჯულია 35.6 ათასი ლარის ღირებულების 14.3 ათასი ლიტრი საწვავი. უწყებაში აცხადებენ, რომ ხშირი იყო ერთი და იმავე ავტომობილის ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე შესაბამისი დასაბუთების გარეშე მრავალგზის გამართვის ფაქტი.
„შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი, ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით. მიუხედავად ამისა, 2019-2020 წლებში დაფიქსირდა შვებულების პერიოდში ავტომობილების საწვავით გამართვის 236 ფაქტი. ჯამში, გახარჯულია 15.1 ათასი ლარის ღირებულების 6.0 ათასი ლიტრი საწვავი“, – აცხადებენ სახელმწიფოს აუდიტის სამსახურში.
აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა მთლიანობაში შეადგინა 351 ათასი ლარი. მათ შორის, 2019 წელს − 257.3 ათასი ლარი, ხოლო 2020 წელს − 93.7 ათასი ლარი.
აქედან, დოკუმენტის მიხედვით, კვებასა და სარესტორნო მომსახურებაზე 2019 წელს დაიხარჯა 117.8 ათასი ლარი, ხოლო 2020 წელს – 31.3 ათასი ლარი.
აუდიტის სამსახურის განცხადებით, 2019 წელს ქუთაისის მერიამ სარესტორნო და კვების მომსახურებით ისარგებლა 79-ჯერ, ხოლო 2020 წელს- 54-ჯერ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში სრულად ან/და რიგ შემთხვევებში საერთოდ არ არის მითითებული ჩასატარებელი ღონისძიებების საჭიროება, სტუმრებისა და მასპინძლების რაოდენობა, ინფორმაცია შეძენილი პროდუქტის შესახებ და სხვა მონაცემები.
აუდიტი ხაზს უსვამს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ წარმომადგენლობით ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები დოკუმენტურად სათანადოდ არ არის დასაბუთებული. ამასთანავე, არ არის შემუშავებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომლის მიხედვითაც თანხები „წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან გაიცემა. ანაზღაურება ძირითადად ხდება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტების ან/და სასაქონლო ზედნადებების წარმოდგენის საფუძველზე.
დოკუმენტს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.