“ღირსეულ პარტნიორ 2017-ში” პირველად გერმანული სამხდრო ტექნიკა ჩაერთვება

30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში მრავალეროვანი წვრთნები – “ღირსეული პარტნიორი 2017” გაიმართება.  სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის სამხედრო პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება და მასში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

როგორც თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, სწავლებაში პირველად ჩაერთვება გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი “ბოქსერი”. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ამერიკული ტანკები “აბრამსები”, ქვეითთა საბრძოლო მანქანები- “ბრედლი” და “სტრაიკერი”, ასევე, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.

“ღირსეული პარტნიორი” საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა. თადაცვის სამინისტრიოს განცხადებით, წელს მასშტაბები გაიზარდა და მასში NATO-ს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობს – აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი და საქართველო.

წვრთნების პრეზენტაცია დღეს, 21 ივლისს, თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიცენტი საქარცელოში ვიზიტის დროს წვრთნების მონაწილეებს მიესალმება.

“გვეწვევა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, მას ექნება შესაძლელობა, მიესალმოს სწორედ ამ წვრთნებში მონაწილე ამერიკელ და ქართველ სამხედროებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალ დონეს, განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში. უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა, როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ისე ტექნიკის, და ეს კეთდება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაცხადდეს ნატოს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი. თანადგომა იმ საქმეში, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ასევე ეს წვრთნები მიზნად ისახავს ჩვენი შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთა თავსებადობის ამაღლებას,”- განაცხადა ლევან იზორიამ.

კიდევ ერთი სიახლე, რაც 2017 წელს ამ წვრთნებზე იქნება, არის ის, რომ სამხედრო ტექნიკა ვაზიანისკენ თვითსვლით გადაადგილდება:

“ტექნიკის უმრავლესობა თვითსვლით გადაადგილდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ვაზიანისკენ, სადაც ეს წვრთნები ჩატარდება. ეს არის მკაფიო გამოხატულება დემონსტრაციულად ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის, განსაკუთრებით, ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების და ნატოში  ინტეგრაციის პროცესის მიმართ,”- განაცხადა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრმა ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის წვრთნები არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მიზნად ისახავს პარტნიორებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და რეგიონში უსაფღთხოების გაძლიერებას.

“მივესალმებით ჩვენი მეზობელი ქვეყნის, სომხეთი ჩართულობასაც,”- განაცხადა მინისტრმა.

ღირსეული პარტნიორი 2016. თავდაცვის სამინისტროს ფოტო.

ღირსეული პარტნიორი 2016. თავდაცვის სამინისტროს ფოტო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი