ახალი ამბები

თბილისში “ქალთა სოლიდარობის მარში” იმართება [ფოტო]

19 ივლისი, 2017 • 2594
თბილისში “ქალთა სოლიდარობის მარში” იმართება [ფოტო]

დღეს, 19 ივლისს, თბილისში “ქალთა სოლიდარობის მარში” იმართება. აქცია-მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში [19:30] აღმაშენებლის გამზირზე მდებარე “რკინიგზელთა კულტურის სახლის” წინ იკრიბებიან. მოგვიანებით ისინი მარჯანიშვილის მოედნისკენ გადაინაცვლებენ, სადაც აქციის მთავარი ნაწილი გაიმართება.

მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერით  – “ვერ გაგვაჩუმებთ”, “გაუპატიურება წამებაა”, “ჩემი სხეული ბრძოლის ველი არაა”, “ქალზე ძალადობა დასრულდეს”, “ძალადობას ეროვნება არ აქვს” და სხვა.

"ქალთა სოლიდარობის მარში" ფოტო: ნეტგაზეთი

“ქალთა სოლიდარობის მარში” ფოტო: ნეტგაზეთი

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, იდა ბახტურიძის განცხადებით, “ქალთა სოლიდარობის მარში” არის რამდენიმე დღის წინ ამავე ადგილზე გამართული “ქართველთა მარშის” საპასუხო აქცია, რადგან “ქართველთა მარშის” მონაწილეები ქართველების სახელით შოვინისტურ იდეებს ავრცელებენ, თუმცა, როგოც ბახტურიძე ამბობს, დღევანდელი მარში თავისი შინაარსით მეტწილად ქალთა პრობლემებზეა ორიენტირებული და მისი ერთ-ერთი მიზეზია თათია დოლიძის მიმართ გამოყენებული ლექსიკა, რომელიც საჯარო გაუპატიურების მუქარას შეიცავდა.

საქმე ეხება 16 ივლისს გაეროში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ ფეისბუკზე გაკეთებულ განცხადებებს, სადაც “ქართველთა მარშის” რადენიმე მონაწილე მას ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

✊ დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს.

✊ მივიღოთ კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.

✊ ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიზმს.

✊ მოვუწოდებთ მედიას, შეწყვიტონ სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და არ მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით.

აქციის ორგანიზატორები არიან ქვემოთ მითითებული ორგანიზაციები:

საფარი | ქალები საქართველოდან | ქალთა მზერა | თეთრი ხმაურის მოძრაობა | ქალთა მოძრაობა | ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი | თემიდა | ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი | სამართლიანი არჩევნები | რა მოხდა ქუჩაში | თანასწორობის მოძრაობა | საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო | სამოქალაქო განვითარების სააგენტო | ქალთა ფონდი საქართველოში | საქართველოს ქალთა დეკორატიის ქსელი | HOROOM NIGHTS | ახალგაზრდა მწვანეები

მასალების გადაბეჭდვის წესი