ახალი ამბები

პრეზიდენტი 10 ივლისიდან მთავრობას საკონსტიტუციო დიალოგის დაწყებას სთავაზობს

7 ივლისი, 2017 • 1605
პრეზიდენტი 10 ივლისიდან მთავრობას საკონსტიტუციო დიალოგის დაწყებას სთავაზობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცადებით, საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის აუცილებლობაზე და მზაობაზე ყველა მხარე საუბრობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელი განცხადება იყო, რომელიც მკაფიოდ მიანიშნებდა ამ საკითხებზე.

“ყველასათვის ცნობილია ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას კრიტიკული შენიშვნები აქვს: საპარლამენტო საარჩვენო სისტემის, პრეზიდენტის უფლებამოსილების, უსაფრთხოების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და სხვა საკითხები.

დღეს უკვე ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია არ იქნება მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, დაბალი ლეგიტიმაციის კონსტიტუცია კი ვერ უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრას, ამიტომ ნუღარ დავაყოვნებთ. რაც უფრო მეტი განცხადება გაკეთდება, შესაძლოა, გაჩნდეს ახალი სხვადასხვა საკითხები და ამან ერთგვარი დაბნეულობა გააჩინოს საზოგადოებაში, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, შევიკრიბოთ, ალბათ, ორშაბათს. ჩამოვყალიბდეთ, რა საკითხებზე შეგვიძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და რით შეგვიძლია ვუპასუხოთ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მკაფიო მოწოდებას, რეკომენდაციას, მითითებას ამ პროცესთან დაკავშირებით,” – განაცხადა ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, ბევრი გზის გამონახვა შეიძლება, ისე მივიღოთ ურთიერთთანხმობის დოკუმენტი, რომ არსებული პროცესი სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ ამოვარდეს, მაგრამ რეალურად მივიღოთ კონსენსუსის საფუძველზე შექნილი დოკუმენტი და გამართული კონსტიტუცია.

გიორგი კვირიკაშვილმა 6 ივლისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის მიმდინარეობისას მზად არიან, კიდევ მონახონ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება “რაღაცებზე დამატებით შეთანხმება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი