ახალი ამბები

“საქართველოს მომავალი ევროკავშირშია” — ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებს წერილები გაუგზავნა

13 დეკემბერი, 2023 • 613
“საქართველოს მომავალი ევროკავშირშია” — ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებს წერილები გაუგზავნა

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებს წერილი მისწერა.

“საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია”, – ეს არის მთავარი გზავნილი იმ წერილებისა, რომლებიც ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დელ ლაიენს, ევროკომისიის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესსა და ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო ლიდერს მისწერა.

გზავნილები შარლ მიშელისთვის

შარლს მიშელისთვის მიწერილ წერილში ღარიბაშვილი საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის ისტორიას 2012 წლიდან იწყებს. მისი მტკიცებით, “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირის წევრობის ძლიერი ნება განსაკუთრებით 2022 წლიდან გამოავლინა.

“ჩვენმა მთავრობამ კონკრეტულ შედეგებს მიაღწია, რაც საქართველოს მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებში და მასშტაბურ საკანონმდებლო მუშაობაში გადაიზარდა, რათა შესრულებულიყო ნაკისრი ვალდებულებები და თანდათანობით მოვსულიყავით შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან”, – წერს ღარიბაშვილი შარლ მიშელს.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” სრულად არის მობილიზებული შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად.

შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი

გზავნილები ურსულა ფონ დელ ლაიენისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” როლს უსვამს ხაზს ევროკომისიის პრეზიდენტისთვის მიწერილ წერილშიც. მისი მტკიცებით, ევროკომისიის 2023 წლის ანგარიშში აღიარებულია საქართველოს მთავრობის დაუღალავი ძალისხმევა ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ.

“ევროკავშირის და განსაკუთრებით ევროკომისიის ერთგული და ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, ჩემმა მთავრობამ გააგრძელა ქართველი ხალხის მოლოდინის ასრულება. შორს მიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების სფეროში ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი”, – წერს ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის წვრობის კანდიდატის სატუსის მინიჭება “დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას”.

“ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს”, – სწერს ღარიბაშვილი ურსულა ფონ დელ ლაიენს.

ურსულა ფონ დელ ლაიენი და ირაკლი ღარიბაშვილი

გზავნილები პედრო სანჩეზისთვის

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მე-3 სამიტის მასპინძლობისთვის გრანადაში.

“ნება მომეცით, თქვენი ქვეყნისა და ევროკავშირისადმი გამოვხატო მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში”, — წერს ღარიბაშვილი სანჩეზს.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება როგორც ესპანეთის, ისე სხვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან სტრატეგიული და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილება იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილი პედრო სანჩესსა და მის მეუღლესთან, ბეგონია გომესთან ერთად გრანადაში

მასალების გადაბეჭდვის წესი