ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ გადავა საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის მორიგ ეტაპზე – მთავრობის ხედვა და სამოქმედო გეგმა

25 დეკემბერი, 2023 • 1306
როგორ გადავა საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის მორიგ ეტაპზე – მთავრობის ხედვა და სამოქმედო გეგმა

საქართველოს მთავრობამ 25 დეკემბერს გაასაჯაროვა ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცდა და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო.

გეგმა მოიცავს რეკომენდაციების ფარგლებში განსახორციელებელ ნაბიჯებს, მათზე პასუხისმგებელ უწყებებსა და შესრულების ვადებს.

სამოქმედო გეგმის მიხედვით:

1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ევროკავშირის რეკომენდაციების ახალ ჩამონათვალში პირველი პუნქტია. მის შესრულებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა იღებს. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საკომუნიკაციო კამპანიის გეგმას შეიმუშავებს საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით და შემდეგ ამ სამოქმედო გეგმას სისრულეში მოიყვანს. მთავრობის განცხადებით, ეს გეგმა უკვე არსებობს.

“11 დეკემბერს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა მთავრობის 2024-2027 წწ. საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს”, – ნათქვამია დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ გარდა ამისა, ამოცანის მისაღწევად მთავრობა ადამიანური და ფინანსური რესურსებით გააძლიერებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს.

2. ევროკავშირის პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაახლოების ნაწილში პასუხისმგებლობა ისევ საქართველოს მთავრობას ეკისრება. საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის პოლიტიკასთან, დოკუმენტის თანახმად, წლის ბოლოს 50%-ს შეადგენს. “შესაბამისობა” გულისხმობს, რომ საქართველო საგარეო თუ უსაფრთხოების სფეროში იმავე პოლიტიკას ატარებს, რასაც ევროკავშირი, რაც გამოიხატება ევროკავშირის მიერ მიღებული დოკუმენტებისა თუ რეზოლუციების გაზიარებაში. საქართველოს მთავრობამ 2024 წლამდე უნდა შეასრულოს ეს რეკომენდაცია და იზრუნოს, საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ვინმემ ევროკავშირის სანქციებს თავი აქ აარიდოს.

3. რეკომენდაციაზე, რომელიც მოიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას, მათ შორის პარლამენტში ოპოზიციასთან უფრო ინკლუზიურ საკანონმდებლო მუშაობას, პასუხისმგებელი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტია. დოკუმენტის მიხედვით, ეს რეკომენდაციაც 2024 წლის ბოლოსთვის შესრულებული უნდა იყოს. ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტია ჩაერთოს ევროინტეგრაციის და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში.

4. თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფის შესახებ საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა. ამ რეკომენდაციის შესრულებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ინაწილებენ. დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის თებერვალში მთავრობა ეუთო-ოდირის მისიას მოიწვევს. აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში კი უნდა ველოდოთ, რომ ხელისუფლებასა და არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიებს შორის თანამშრომლობის ფორმატები შეიქმნება. დოკუმენტის თანახმად, ამ რეკომენდაციის ფარგლებში სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ.

5. საკვანძო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, მათ შორის ცესკოში, ეროვნულ ბანკსა და კომუნიკაციების კომისიაში პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა 2024 წლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს. საამისოდ კი, საქართველოს მთავრობის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე რეგულარულ დიალოგს შეუწყობს ხელს საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

6. ყოვლისმომცველი რეფორმა სასამართლოში, პროკურატურაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა მოახერხოს. დოკუმენტის თანახმად, ეს რეფორმები 2024 წლის 7 მარტისთვის უკვე დასრულებული იქნება. მანამდე კი საპარლამენტო პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ. 

7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე პასუხისმგებლობას ისევ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იღებს. 2024 წლის მაისამდე ინიცირდება საკანონმდებლო ცვლილებები ამ რეკომენდაციის მისაღწევად. მერე კი, საპარლამენტო პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ამ სამსახურების წლიური ანგარიშები განიხილება. ასეთია ამ რეკომენდაციის შესრულების გეგმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით.

8. დეოლიგარქიზაციის მიღწევის ამოცანა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტის თავმჯდომარეს ეკისრება. “27 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკომისიის შენიშვნების შესაბამისად გაუმჯობესებული დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა და დაიწყო მისი იმპლემენტაცია”, – წერია დოკუმენტში. ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად, დოკუმენტის თანახმად, დარჩა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა დეოლიგარქიზაციის გეგმის განხორციელების ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით, რაც 2024 წლის მანძილზე განხორციელდება. 

9. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებაზე, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფაზე; მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ მუქარის შემთხვევაში მიუკერძოებელ, დროული გამოძიებაზე ზრუნვა და ძალადობაში დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა მთავრობის ადმინისტრაციას, საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს ეკისრება. დოკუმენტის თანახმად, რამდენადაც ადამიანის უფლებათა დაცვის მორიგი, 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა უკვე დამტკიცდა დეკემბერში, 2024 წლისთვის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა რჩება ევროკავშირის მეცხრე რეკომენდაციის შესასრულებლად.

ევროკავშირის ამ 9 რეკომენდაციიდან სრულიად ახალი არის პირველი ორი რეკომენდაცია. დანარჩენებს წინა 12 რეკომენდაციაც მოიცავდა. 

ამ ცხრა პირობის შესრულება აუცილებელია, რომ ევროინტეგრაციის შემდეგ, საქართველო  მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავიდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი