ადამიანები ომის მორევში

კონფლიქტებზე მომუშავე ორგანიაზციამ, ‘საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა’ (ICG) 1 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ყველაზე ახლოს არიან სრულმასშტაბიან ომთან, ვიდრე ოდესმე 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.


 

40 წლის კარენ მარტიროსიანი 10 წელწადია მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ მატაგისში ცხოვრობს. კარენი აქ ერევნიდან, მდინaრე ტარტარზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დროს ჩავიდა.

“საქმის გამო ჩამოვედი და დავრჩი. მაშინვე შემიყვარდა ეს მიწა და მივხვდი, რომ მატაგისს ვეღარ დავტოვებდი. სომხეთში დავტოვე სახლი და საქმეები, და ერთი წელი ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ მაინც წავიდოდი სომხეთში, მაგრამ ასე არ მოხდა. 2016 წლის აპრილის ომის დროსაც არ დამიტოვებია აქაურობა”, – ამბობს კარენი.

სოფელი მატაგისი მარტაკერტის რაიონში, მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის საზღვართან ყველაზე საშიშ ზონაში მდებარეობს. 90-იანი წლების ყარაბაღის ომის დროს ათობით სხვა დასახლებულ პუნქტთან ერთად აზერბაიჯანული მხარის მიერ ისიც აღებული და ნაწილობრივ განადგურებული იყო. 1994 წლის აპრილში მატაგისი აზერბაიჯანული მხარის კონტროლიდან კვლავ გამოვიდა და ადამიანებმა საკუთარ განადგურებულ სახლებში თანდათანობით დაბრუნება და მათი მშენებლობა დაიწყეს.

შემდეგი მძიმე დარტყმა მატაგისმა გასული წლის აპრილში მიიღო. 2016 წლის 2 აპრილს დაწყებული ე.წ. ოთხდღიანი ომის შედეგად ყველაზე მეტად ის და მეზობელი სოფელი თალიში დაზარალდა.

ამის მიუხედავად, მაგატისში ცხოვრება გრძელდება. შარშანდელის შემდეგ ადამიანები კვლავ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

სოფელში ამჟამად 540 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 245 17-წლამდე ასაკისაა. სოფლის პირველი პუნქტს “ახალი” ჰქვია. ის 90-იანი წლების ომის შემდეგ აშენდა. აქ ყველაფერი ახალი და გარემონტებულია, რადგან აპრილის საბრძოლო მოქმედებების დროს ეს ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა საარტილერიო და სარეკეტო დარტყმებისგან. შემდეგ ყველაფერი თავიდან აშენდა და გარემონტდა.

"ახალი" უბანი ყარაბაღში; 2017; ფოტო: არმინე ავეტისიანი

“ახალი” უბანი ყარაბაღში; 2017; ფოტო: არმინე ავეტისიანი

“რეალურად კი, ისევ ომის დაწყებას ველოდებით. დღე არ გავა, სროლის ხმები არ გავიგოთ. იმდენად შევეჩვიეთ ამას, ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ეს ნორმალურია. სიჩუმე ყურისთვის უკვე უჩვეულო იქნება”, -გვეუბნება სოფელ მატაგისის ადმინისტრაციის უფროსი ზავენ ავეტისიანი, რომელიც 2016 წლის აპრილის დღეებში დაჭრეს.

აპრილის მოვლენების შემდეგ ყველა დასახლებულ პუნქტში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. დღემდე გრძელდება მუშაობა საგზაო და საცხოვრებელი სახლების, სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობების კუთხით.

“ვინც შემოდის ჩვენს სოფელში, პირველი კითხვაა, როგორ ვუძლებთ ასეთ ცხოვრებას. ძალიან მშვიდად, და სულაც არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ოდესმე სხვაგან მოგვიწევს ცხოვრება”, – ამბობს ჟენია, რომელიც 13 შვილიშვილთან ერთად მატაგისში ცხოვრობს და 2016 წლის აპრილის დღეებშიც არ დაუტოვებია სახლი.

2014 წელს მატაგისში, დიასპორის ინვესტიციისა და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით, შავი ხიზილალის წარმოება დაიწყო. თავიდან ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მსგავსი საქმიანობა  არარეალურად მიიჩნეოდა. თუმცა შემდგომში რეალობად იქცა.

“ბიზნესგეგმის შესაბამისად, ყოვეწლიურად მატაგისში 15-20 ტონა შავი ხიზილალა უნდა აწარმოონ. თუ თავდაპირველად ეს პროექტი მხოლოდ მატაგისისთვის იყო გათვლილი, ახლა მას მასისის მხარეც [სომხეთი] შეუერთდება”, – რამდენიმე კვირის წინ განაცხადა მთიანი ყარაბაღის პრემიერმა, არაიკ არუტუნიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ყარაბაღის ხელმძღვანელობა და მაგატისის მცხოვრებლებიც დარწმუნებული არიან, რომ მათი ხიზილალა მომავალში საერთაშორისო ბაზარზე გავა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამაში “ხელს ვერ შეუშლის მათი მტერი აზერბაიჯანი”, რომელიც ასე ახლოსაა მათ სოფელთან.

სოფლის ზოგიერთ ნაწილში სომეხ და აზერბაიჯანელ ჯარისკაცთა შორის მანძილი 100 მეტრიც არ არის.

“ყველანაირი სიტუაციის მომსწრე ვართ. არის მომენტები, როდესაც მშვიდად ვართ. აზერბაიჯანს უყვარს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა, რაც არასდროს რჩება პასუხგაუცემელი და კონტრდარტყმას იღებს”, – ამბობს ლეიტენანტი სამველ აგაჯანიანი, რომელსაც ფრონტის ხაზზე შევხვდით.

აქ, სადაც, როგორც წესი, ომის შეგრძნება უნდა არსებობდეს – სიმშვიდეა.

“მინდა ჩემს მშობლებს გადასცეთ, არ დაუჯერონ ჭორებს, რომ ომი განახლდა და სასტიკი შეტაკებებია. ხშირად გადაჭარბებულია ეს ცნობები”, – ამბობს 19 წლის ჯარისკაცი სერგეი არუსტამიანი.

ჯარისკაცები ბევრს არ საუბრობენ. ყველა ჩუმად აკეთებს საქმეს. გვეუბნებიან, რომ ერთი წუთითაც არ უნდა მოადუნონ ყურადღება.

ჯარისკაცი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში; 2017; ფოტო: არმინე ავეტისიანი

ჯარისკაცი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში; 2017; ფოტო: არმინე ავეტისიანი

“ყარაბაღისა და აზერბაიჯანის მხარეების ფრონტის ხაზზე სიტუაცია კვლავ დაძაბული, თუმცა სტაბილურია”, – განუცხადა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს არაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის მინისტრმა, გერენალ-ლეიტენანტმა ლევონ მნაცაკანიანმა. ის ამბობს, რომ დარტყმის შემთხვევაში, აზერბაიაჯანული მხარე პასუხს მიიღებს.

ლევონ მნაცაკანიანი; ფოტო: არმინე ავეტისიანი

ლევონ მნაცაკანიანი; ფოტო: არმინე ავეტისიანი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას ალტერნატივა არ აქვს. იმ დროს, როდესაც ლავროვი მშვიდობაზე საუბრობდა, კონფლიქტის ზონაში კვლავ არღვევდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

მიმდინარე თვეში უკვე რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა. 

ყარაბაღის კონფლიქტის ზონა; 2017, ფოტო: არმინე ავეტისიანი

ყარაბაღის კონფლიქტის ზონა; 2017, ფოტო: არმინე ავეტისიანი

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
არმინე ავატისიანი არის ჟურნალისტი სომხეთში. ის მუშაობს 1in.am -ში და პერიოდულად თანამშრომლობს ნეტგაზეთთან 2016 წლის მაისიდან