ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა თავად უნდა გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები — ღარიბაშვილი

8 ოქტომბერი, 2023 • 2059
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა თავად უნდა გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და თქვა, რომ საქართველო ყოველთვის ნეიტრალური იყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტში.

ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში.

„ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი პატივისცემა და მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი. ასევე, მადლიერი ვართ, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მტკიცედ მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე, დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. ჩვენი მოსაზრებაა და ამ საკითხში სრული თანხვედრა გვაქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმება ზოგადად ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას და მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მედიატორობის მზადყოფნა გამოთქვა.

„საქართველოს ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის იქნება, ფასილიტაციის, თუ ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანია, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ალიევთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ასევე უსაფრთხოების საკითხებს.

„მიმოვიხილეთ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარება. დაწყებული გვაქვს რკინიგზის მოდერნიზაციის სამუშაოები, რომელიც 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს და გამტარუნარიანობა გაორმაგდება. ვიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვეში დასრულდება კიდევ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი სტრატეგიული პროექტი. ასე რომ, ძალიან ნათელი პერსპექტივა გვაქვს, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის როლს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში და აზერბაიჯანელ ხალხს ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილე მიულოცა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ბატონი ილჰამ ალიევის მამის, ლეგენდარული პიროვნების, ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ზოგადად ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში. ჩვენ ახლახან, ერთად დავათვალიერეთ გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ბატონ ილჰამ ალიევს და მთელს აზერბაიჯანს მამათქვენის 100 წლის იუბილე“, — დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს სამუშაო ვიზიტით დღეს, 8 ოქტომბერს ეწვია.

საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია

მასალების გადაბეჭდვის წესი