ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თუ სომხეთი დასთანხმდება, დავიწყებთ შეხვედრებს საქართველოში — ალიევი

8 ოქტომბერი, 2023 • 2960
თუ სომხეთი დასთანხმდება, დავიწყებთ შეხვედრებს საქართველოში — ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ემხრობა საქართველოს, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფასილიტატორის როლს.

ამის შესახებ ალიევმა თბილისში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ. მეორე ომმა, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, გამოიწვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღეს ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით. ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ბევრი სხვა მიმართულებით“, — განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში ასეთი შესაძლებლობის ნაკლებობა იყო.

„მოგეხსენებათ, დღეს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაც არიან ფასილიტატორების როლში ნორმალიზაციის პროცესში… ნებისმიერ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ჩემი იდეა მდგომარეობას იმაში, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტების თუ გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში. მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს, რომ მზად არის დახმარება აღმოგვიჩინოს ამ საკითხთან მიმართებით და გვთავაზობს მისი, როგორც ფასილიტატორის როლს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის და ჩვენ იგივეს ველით სომხეთისგანაც. თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ, შესაბამისი უწყებების საშუალებით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში”, — განაცხადა ალიევმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მხარს უჭერენ ერთმანეთს ტერიტორიულ მთლიანობის და სხვა საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა, წვლილი შეიტანოს მედიაციის, ფასილიტატორის თუ „ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში“. ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შეძლონ, „თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და შემდგომი განვითარება“.

ილჰამ ალიევის განცხადების თარგმანი ეკუთვნის საქართველოს მთავრობას.

საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია

მასალების გადაბეჭდვის წესი