ახალი ამბები

აჭარას სტიქიამ 3 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა

24 მარტი, 2013 • 931
აჭარას სტიქიამ 3 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა

როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბოლო მონაცემებით ძლიერმა ქარმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში 43 საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში- 9 სახლის სახურავი მთლიანად და 93 სახლის სახურავი ნაწილობრივ, ასევე შტორმის შედეგად ქობულეთსა და ბათუმში დაზიანებულია ზღვისპირა ზოლი. ამ დროისთვის კი ქალაქ ქობულეთში მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება წყალი და ბუნებრივი აირი, დატბორილია ზღვისპირა ქუჩები.

არჩილ ხაბაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით,  საგანგებო შტაბი იქმნება, რომელიც საგანგებო რეჟიმში დროულად დაითვლის ზარალის ზუსტ ოდენობას, რის შედეგადაც შესაბამის ღონისძიებას გაატარებს. შტაბს არჩილ ხაბაძე უხელმძღვანელებს. შტაბის წევრები შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად სტიქიის ეპიცენტრებს ადგილზე მოინახულებენ და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე მოახდენენ რეაგირებას.

 

არჩილ ხაბაძის განცხადებით, შტაბის შემადგენლობაში შედიან აჭარის მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით და აჭარის შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი.

ამასთან, მთავრობის თავმჯდომარე დასძენს, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების აღსადგენად ფინანსური რესურსების მოძიება არ გართულდება.

აჭარის მთავრობის აპარატში ამუშავდა 24-საათიანი ცხელი ხაზი – 27 20 01, რომელზეც მოქალაქეებს შეუძლიათ მიაწოდონ ინფორმაცია მათთვის მიყენებული ზარალის შესახებ. ასევე მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ საგანგებო სიტუაციათა მართვის ცხელი ხაზის – 112-ის მომსახურებითაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი