გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების შეფასებით, 7 თებერვალს, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში განვითარებული მეწყრული მოვლენების დროს, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ, სავარაუდოდ, 30-40 წამში მიაღწია.
შესაბამისად, ექსპერტების დასკვნით, განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ანგარიში დღეს, 16 თებერვალს, გამოქვეყნდა, სადაც მეწყრული მოვლენების გამომწვევი ბუნებრივი ფაქტორების და ტერიტორიაზე შექმნილი გეოდინამიკური პირობებია შეფასებული.
ანგარიშის თანახმად, რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლასთან. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სოფელ დიმის მეტეოსადგურის მონაცემებით, 5-6-7 თებერვლის პერიოდში მთელი თვის ნალექების ნორმის 46% მოვიდა, რაც დროის ამ მონაკვეთისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მოვლენების გააქტიურებაზე მიუთითებს.
სპეციალისტების დასკვნით, ამას ემატება ბოლო პერიოდში ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობის პროცესი.
„აღნიშნული ნალექების დიდი ნაწილის ინფილტრაცია მოხდა ტერიტორიის ამგებ ნაპრალოვან და დეზინტეგრირებულ ქანებში, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მათი ძლიერი გაწყლოვანება და ზღვრული წონასწორობის დაკარგვა, რომლის შედეგად ადგილი ჰქონდა კლდოვანი მასების წყალგაუმტარ არგილიტების შრეებზე გადაადგილებას“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, მასის მოწყვეტის არეალიდან საცხოვრებელ სახლებამდე მანძილი 270-280 მეტრია და პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ, სავარაუდოდ, მიაღწია 30-40 წამში. ექსპერტების დასკვნით, დინამიკაში მოსული მეწყრული მასის სავარაუდო მოცულობა 150 000-160 000 მ3-ია.
სპეციალისტები შეფასებით, სავარაუდოდ, შესაძლებელია მეწყრის რეგრესიულად (უკუსვლით) გაფართოება-გააქტიურება, თავისი უარყოფითი შედეგებით, რასაც მოწმობს მოწყვეტის კიდის პარალელურად 2-3 მ-ში დაფიქსირებული ხილული ნაპრალები.
„ფერდობის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ტრანზიტის და ნაწილობრივ აკუმულაციის ზონას, ხოლო ძირითადი მასალა აკუმულირდა მდინარის მარჯვენა ტერასულ საფეხურზე და მდინარის კალაპოტში (კალაპოტში შეგუბება დაფიქსირდა მცირე ხნით). მეწყრული მასების აკუმულაციის კვალი ასევე დაფიქსირდა მდ. ხანისწყლის მარცხენა ტერასულ საფეხურზე,
ვიზუალური შეფასებით ნაკლებ სავარაუდოა ტერასული საფეხურების ამგები ნალექების დინამიკაში მოსვლა. მეწყრული სხეული ჩრდილოეთი და სამხრეთი მხრიდან
შემოსაზღვრულია მცირე ზომის მშრალი ხევებით, თუმცა შეფასების პერიოდში სამხრეთ მხარეს არსებულ ხევში დაფიქსირდა წყლის დროებითი ნაკადი. აღნიშნულ მხარეს ხევის გასწვრივ აქტიურ დინამიკაში მოსული მეწყრული მასების ზვინულის სიმაღლე 6-8 მ-დე იზრდება, ხოლო გავრცელების არეალი ხევისპირა ზოლში 50-60 მ-ია, რაც მომავალში წარმოადგენს ღვარცოფული ნაკადების ფორმირებისთვის ხელშემწყობ წინაპირობას, თავისი უარყოფითი შედეგებით“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მართალია, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად შედგენილ და გამოცემულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში სოფელ ნერგეეთზე მითითებულია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც 2024 წლის 7 თებერვალს ადგილი ჰქონდა მეწყრული მოვლენის განვითარებას, შეფასებული არ ყოფილა.
საბოლოო ჯამში, ნერგეეთში განვითარებულ მეწყრულ მოვლენებზე სპეციალისტების დასკვნები და რეკომენდაციები ასეთია:
- მეწყრული სხეული განვითარდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ნერგეეთში, მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე
- სოფ. ნერგეეთში, 2024 წლის 7 თებერვალს, კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის განვითარების ძირითადი ფაქტორებია – ტერიტორიის მორფოლოგიური პირობები (დიდი დახრილობის ფერდობი), გეოლოგიური აგებულება (მეწყრული პროცესებისადმი ძლიერ მიდრეკილი ქანები), რთული ტექტონიკური პირობები და სეისმურობა, გასულ საუკუნეში ხშირი ტყის მასივების გაჩეხვა და ამ ადგილების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად ათვისება. აღნიშნულთან ერთად, მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინა ბოლო დღეებში (5-6-7 თებერვალი) მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები (81მმ) და მიმდებარე ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობა;
- მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობა საშუალოდ 150 000-160 000 მ3-ია;
- მეწყრულმა მასამ ძალიან მოკლე დროით შეაგუბა მდ. ხანისწყლის კალაპოტი;
- მეწყერმა დააზიანა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, მწყობრიდან გამოვიდა გაზის და წყლის მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სარგებლობიდან ამოვარდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს;
- მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და, შესაბამისად, 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის (ზემოთ მითითებული) გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით;
- სოფ. ნერგეეთის დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გაგრძელდება მონიტორინგული დაკვირვებები;
- პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ, სავარაუდოდ, მიაღწია 30-40 წამში. შესაბამისად, განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური.