ახალი ამბები

დოლიძე: პრეზიდენტი დაჰპირდა მუსტაფაევას, რომ მუდმივად ჩართული ვიქნებით საქმის გამოძიებაში

27 ივნისი, 2017 • 1998
დოლიძე: პრეზიდენტი დაჰპირდა მუსტაფაევას, რომ მუდმივად ჩართული ვიქნებით საქმის გამოძიებაში

“საქართველოს პრეზიდენტი დაჰპირდა მუხთარლის მეუღლეს და ადვოკატს, რომ გვექნებოდა მუდმივი მონიტორინგი ამ საქმის განვითარების; მზად ვიყავით და ღია ვიქნებით ინფორმაციის მისაღებად დაზარალებულის მხრიდან და მუდმივად ჩართული ვიქნებით გამოძიების მიმდინარეობაში, ვინაიდან და რადგანაც ეს არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის საკითხი, პირველ რიგში,” – ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პრეზიდენტისა და ლეილა მუსტაფაევასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის ცოლი ლეილა მუსტაფაევა დღეს საქართველოს პრეზიდენტს ამ საკითხის თაობაზე შეხვდა. დოლიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ დრომდე საქმეში არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები და მისი გამოძიება სახელმწიფო ინტერესების დაცვით უნდა მოხდეს:

“აფგან მუხთარლის გატაცება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის, მისი დემოკრატიულობისთვის, მისი ფასეულობებისთვის, იმიტომ, რომ ეს არის “სტუმარ-მასპინძლის” ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ კითხვაზე, რომელიც აქვს დაზარალებულ მხარეს და ოჯახს, პასუხი გაეცეს დროულად. კითხვებია: რატომ აწარმოებს გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ? რატომ არ აქვს მის მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი? და კიდევ ბევრი ეჭვი, რომელიც ოჯახს აქვს. მნიშვნელოვანია, გამოძიებამ იმუშაოს ისე, რომ ოჯახი დარწმუნდეს, რომ მათი ინტერესები დაცულია და გამოძიება წარმიმართება ეფექტურად, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების სრული დაცვით,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი