ახალი ამბები

ანა დოლიძე შოვში მომხდარზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

8 აგვისტო, 2023 • 2146
ანა დოლიძე შოვში მომხდარზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტიის  „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე შოვში მომხდართან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით განცხადება ანა დოლიძემ დღეს, 8 აგვისტოს, პარლამენტთან გააკეთა.

დოლიძის თქმით, შოვის შემთხვევა ორ ნაწილად იყოფა და აუცილებლად უნდა დადგეს როგორც სამართლებრივი პასუხისმგებლობა სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, ასევე,პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.

„კანონმდებლობით ოპოზიციას აქვს საშუალება, ეს საგამოძიებო კომისია შექმნას და ასევე, თუ ეს ოპოზიცია არ შექმნის, შემდეგ პარლამენტში, სადაც აუცილებლად ვიქნებით, ჩვენ შევქმნით და ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ.

შოვის შემთხვევა ორ ნაწილად იყოფა – კონკრეტული პასუხისმგებლობა კოტეჯებთან დაკავშირებით, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, და სისტემური პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. ერთი შემთხვევით ჩვენ სისტემას ვერ შევცვლით. ვაკის პარკის ტრაგედიაზე დაიჭირეს ის ხალხი, მაგრამ ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. გაუმართავი და კორუმპირებული სისტემა ადგილზეა. ჩვენ უნდა მივადგეთ, გამოვასწოროთ სისტემა, რომელიც იზრუნებს ეკოლოგიურ სამართლიანობაზე და იმაზე, რომ კლიმატური ცვლილებების პირობებში საქართველო თავის სიტყვას იტყვის და ესენი უბრალოდ მხრებს არ აიჩეჩავენ. საგამოძიებო კომისია დააყენებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს და მას შეისწავლის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება.


3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეხუთე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 19 გარდაცვლილის შესახებ, კვლავ მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოებიც.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:

თუ გაქვთ ინფორმაცია დაღუპულების ან დაკარგულების შესახებ, გთხოვთ, მოგვწერეთ ნეტგაზეთის ფეისბუკის გვერდზე, ან ელექტრონულ მისამართზე: netgazeti.ge@gmail.com

მასალების გადაბეჭდვის წესი