17271

მგზავრის თქმით, სტამბოლი-თბილისის რეისი თვითმფრინავზე მეხის დაცემის გამო შეფერხდა

დღეს, გამთენიისას, ავიაკომპანია ატლას-გლობალის თვითმფრინავი, რომელსაც მგზავრები სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით გადაჰყავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში კვლავ სტამბოლის აეროპორტში დაეშვა. როგორც მგზავრები აცხადებენ, თვითმფრინავს მეხი დაეცა:

“ძალიან წვიმიანი ამინდი იყო სტამბოლში და თვითმფრინავი რომ აფრინდა, ეგრევე ტურბულენტობაში შევიდა. არ მეუცნაურა, ვიფიქრე, ცუდი ამინდის ბრალი იყო, მაგრამ უკვე რომ აღარ მორჩა ეს ყანყალი თვითმფრინავის და კაბინის შუქებიც რომ არ ინთებოდა, ცოტა ხანში, ალბათ, ასე 25 წუთში რაღაც თეთრმა შუქმა გაანათა გარეთ და აქედან მალევე გვითხრა სტიუარდესამ, რომ თბილისში ვეღარ მივფრინავთ ამინდის ცუდი პირობების გამო და შევეცდებით სტამბოლში დაჯდომასო.

ამის მერე პილოტმა მოგვმართა, დინამიკები ხრიალებდა პილოტის საუბრისას, ეგ არ გვაწყნარებდა დიდად. საბოლოო ჯამში, გაგვიმეორა ბორტგამციელებელმა – ადგილებზე დარჩით, არ ადგეთ, ქამარი მოიჭირეთო. უაზროდ აჩქარდა თვითმფრინავი და მომენტებში ქვევითკენ ჩაჰქონდა ცხვირი და გადატვირთვაც დიდი იყო, გეგონება, სხეული ბევრად მძიმეაო. საბოლოო ჯამში, მოახერხა აშკარად არეული თვითმფრინავის დამორჩილება პილოტმა და დაგვაბრუნა სტამბოლის აეროპორტში,” – ამბობს რეისის ერთ-ერთი მგზავრი საბა ყაფლანიშვილი.

როგორც ამ რეისის მგზავრი ამბობს, რამდენიმე საათში “ატლას გლობალმა” მგზავრები თბილისში სხვა თვითმფრინავით გამოშვა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი