საზოგადოება

ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი და გადამიხდია ფული – კალაძე

15 სექტემბერი, 2023 • 5520
ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი და გადამიხდია ფული – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ სამთავრობო თვითმფრინავს პირადი დანიშნულებით თავადაც იყენებს.

ვიდეო, სადაც თბილისის მერი ამას ადასტურებს, კახა კალაძის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. გავრცელებულ ვიდეოში კალაძეს კითხვებს სამთავრობო თვითმფრინავს პირადი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე უსვამს, რომელიც აღნიშნულ თემაზე „ნოდარ მელაძის შაბათისთვის“ საგამოძიებო რეპორტაჟს ამზადებს.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის თანახმად, კახა კალაძეს თვითმფრინავის დასაქირავებლად გაწეული ხარჯები დეკლარაციაში ჩაშლილი არ აქვს. ჟურნალისტს ასეთ მაგალითად მოჰყავს კალაძის მიერ სამთავრობო თვითმფრინავით შვეიცარიასა და დუბაიში დასასვენებლად გაფრენა.

კალაძეს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ ასახა ასეთი ხარჯი დეკლარაციაში,  მაგალითად, როცა 2022 წლის პირველ იანვარს შვეიცარიაში გაფრინდა, კალაძე პასუხობს, რომ „დეკლარაციაში აბსოლუტურად ყველა ხარჯია ასახული“.

„ეს არის პირადი მოგზაურობა და პირადი ხარჯი იყო. ყველაფერი არის აღწერილი დეკლარაციაში ჩემს ხარჯებთან დაკავშირებით. ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი, ყოფილა ჩემი დაკვეთით და მე გადამიხდია ფული, ყოფილა შემთხვევები, როცა სხვას გადაუხდია და გავყოლილვარ. ყველაფერი არის შესაბამის უწყებაში, მიმართეთ და მოგაწვდიან ინფორმაციას ყველა მიღებულ თანხაზე“, — განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, სამთავრობო თვითმფრინავს „გადაუდებელი აუცილებლობის“ დროს იყენებს. ჟურნალისტის კითხვაზე, დუბაიში დასასვენებლად სამთავრობო თვითმფრინავით წასვლა იყო თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, კალაძე პასუხობს:

„კი, გადაუდებელი აუცილებლობა იყო“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მისი დუბაიში ყოფნის პერიოდში თვითმფრინავის დალოდების ხარჯიც გადაიხადა.

„თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ შემთხვევას, სადაც კახა კალაძეს ოდესმე ბიუჯეტით უსარგებლია ან ბიუჯეტიდან სარგებელი მიუღია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც ნეტგაზეთს ნოდარ მელაძემ  განუცხადა, რადარის ახალი ჩანაწერები მოიპოვეს, რომლებიც სამთავრობო თვითმფრინავის ფრენების უფრო ხანგრძლივ პერიოდს ასახავს.

„ჩვენ დაახლოებით სამ საათში გამოვაქვეყნებთ უკვე ამ ჟურნალისტური გამოძიების ანონსს. როგორც ჩანს, ჟურნალისტის მიერ წარდგენილმა მტკიცებულებებმა კალაძე ძალიან აანერვიულა და მთავრობის სტრატკომის მსგავსად მანაც წინასწარ სცადა ამ ამბავზე ინფორმაციის გავრცელება. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ ეხება ერთ ფრენას, ეს არის ბევრად უფრო დიდი მასშტაბის ფრენების შესახებ ჩვენი გამოძიება“, — განუცხადა  ნეტგაზეთს ნოდარ მელაძემ.


9 სექტემბერს სწორედ „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. ტელეარხის ცნობით, მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს შვილის სასწავლებლად წასაყვანად სამთავრობო თვითმფრინავი სწორედ მამამ დაუქირავა.

თავად კახა კალაძე პრემიერ-მინისტრის მიერ სამთავრობო თვითმფრინავს პირადი დანიშნულებით  გამოყენებაზე საუბრისას აცხადებდა, რომ როდესაც თანამდებობის პირი საკუთარი ხარჯებით მოგზაურობს, ვალდებული არაა ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი