მსხილაძე: “თავისუფლების” გადაცემების დახურვით GPB-მ შესაძლოა გადაუხვიოს თავის დანიშნულებას

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთი მსხილაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ რადიო “თავისუფლების” გადაცემების დახურვის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

მისი თქმით, მან რამდენჯერმე კითხვით მიმართა მაუწყებლის მენეჯმენტს  ამ გადაცემების თაობაზე, თუმცა პასუხობდნენ, რომ “ჯერ არ იყო არაფერი გადაწყვეტილი და უნდა დალაპარაკებოდნენ რადიო თავისუფლებას”.

“ძალიან სამწუხაროა, რომ მენეჯმენტი ხურავს რადიო თავისუფლების გადაცემებს. სალომე ასათიანის და გვახარიას გადაცემები, შეიძლება ითქვას, უნიკალურია ქართულ სატელევიზიო სივრცეში და საზოგადოებრივი მაუწყებლის არსისა და მისიის შესაფერისია – აქტუალური საკითხების ღრმა ანალიზით, ისეთი თემების გაშუქებით, რომლებზეც სხვა მაუწყებლები ნაკლებად საუბრობენ, და წამყვანების პროფესიონალიზმით. ეს გადაცემები მაუწყებლის საფირმო ნიშნად იქცა. მათი გაუქმება ჩემთვის იმის მაჩვენებელია, რომ მაუწყებელმა შესაძლოა გადაუხვიოს თავის რეალურ დანიშნულებას და უფრო გასართობ პროგრამებზე აიღოს ორიენტაცია.

გარდა ამისა, ეს გადაცემები არ იყო ძვირადღირებული და სწორედ მენეჯმენტის მიერ გამოცხადებულ დაზოგვის პოლიტიკას შეესაბმებოდა.

ვფიქრობ, დიდი შეცდომაა ამ გადაცემების გაუქმება, რადგან მაყურებელი რჩება სერიოზული, საგანმანათლებლო, საინტერესო გადაცემების გარეშე, რაც ქართულ მედიასივრცეს ასე აკლია”, – ამბობს ქეთი მსხილაძე.

13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე შეატყობინა რადიო “თავისუფლებას”, რომ რადიოს ორი გადაცემა, “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერვიუ” ივლისის შუა რიცხვებიდან ეთერში აღარ გავა.


 

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

ია ანთაძე “წითელი ზონისა” და “ინტერview”-ს დახურვაზე: საზმაუ გარე სტუდიებთან არ ითანამშრომლებს

გოგი გვახარია: არ ყოფილა მოულოდნელი “წითელი ზონის” დახურვა

ასათიანი: პრობლემა არა ჩემი გადაცემის დახურვა, არამედ ის საფრთხეა, რის წინაშეც საზმაუ დგას

“წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერვიუ” საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი