ახალი ამბები

გოგი გვახარია: არ ყოფილა მოულოდნელი “წითელი ზონის” დახურვა

13 ივნისი, 2017 • 17179
გოგი გვახარია: არ ყოფილა მოულოდნელი “წითელი ზონის” დახურვა

რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი და გადაცემა “წითელი ზონის” ავტორი და წამყვანი ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაწყვეტილება გადაცემის დახურვის თაობაზე.

“ძველ მატარებელში როდესაც ჩაგვსხეს,  იქიდან მოყოლებული არ იყო მოულოდნელი “წითელი ზონის” დახურვა. 10 წლის სრულდებოდა ეს გადაცემა. თავისთავად, ძალიან სევდიანია ის, რომ გავუძელით ბევრ ხელმძღვანელს, ბევრ სისტემას და გადაცემის დახურვის ინიციატივა მოდის იმ ადამიანისგან, ჩემი აზრით, ვისაც ახლობლად ვთვლი და მოსწონდა ეს გადაცემა. ეს არის ია ანთაძე. არასდროს მომუშავია იქ, სადაც არ ვუნდოდი, ვერ ვიმუშავებ ასეთ პირობებში. დიდი მადლობა მათ, რომ გულწრფელად აღიარეს, რომ არ უნდათ გადაცემა და რაღაცები არ მოგვთხოვეს”, – ამბობს გოგი გვახარია.

გოგი გვახარიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას არ შეუთავაზებია, რომ გადაცემის ფორმატი უნდა შეეცვალათ, თუმცა გრძნობდა, რომ ეს გადაცემა მათთვის ზედმეტი იყო.

“წითელი ზონა” თავიდან იყო ფილმებთან ერთად. იდეა ამ გადაცემის ის იყო, რომ უნდა მოჰყოლოდა ფილმები. ფილმები რომ მოგვიხსნეს, მე ასეთი ეჭვი გამიჩნდა, რომ იფიქრეს, ჩვენ თვითონ ვიტყოდით უარს გადაცემაზე, მაგრამ წავედით ამ კომპრომისზე. თუმცა გადაცემას ძალიან ბევრი რამ დააკლდა. სტუდია ჩვენ არ გვქონდა. მუდმივად ვგრძნობდით, რომ ეს გადაცემა იყო ზედმეტი და მე პირადად არ მინდა ვიყო სადმე ზედმეტი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს პროექტი გადიოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და არა კერძო ტელევიზიის ეთერით. ეს იყო ჩემი აზრით მთავარი. ეჭვი მაქვს, რომ ამ ფორმატის გადაცემას მოიგონებენ ახალი მატარებლისათვის, უფრო “გაპრიალებულს”. ალბათ ის გავა ეთერში, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უფრო ადვილად დამორჩილდებიან მათ მოთხოვნებს”, – გვითხრა გოგი გვახარიამ.

გოგი გვახარიას თქმით,”წითელი ზონის” გადაცემაზე მუშაობენ და კონტრაქტის ბოლომდე, ივლისის შუა რიცხვებამდე გავა ეთერში.

“ჩვენი კონტრაქტი ჯერ კიდევ შესასრულებელია. რამდენიმე გადაცემა ამოვარდა არა ჩვენი მიზეზით – ხან აღდგომის, ხან ფეხბურთის გამო. 40 გადაცემა უნდა შესრულდეს, სხვა საქმეა, გაუშვებენ თუ არა, ეგ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ჩვენს საქმეს შევასრულებთ,”, – გვითხრა გოგი გვახარიამ.

დღეს, 13 ივნისს, რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელმა დავათ კაკაბაძემ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ  მათ წერილობით მიიღეს შეტყობინება, რომ გოგი გვახარიას გადაცემა “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერview” მაუწყებლის ეთერში აღარ გავა.

კაკაბაძის განცხადებით, გადაცემების დახურვის მიზეზად საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაცია სახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი