აისი

პირველი ქართული ინტერნეტ სერიალი “ჩცდ”-ის შემქმნელებისგან

14 ივნისიდან, ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე ინტერნეტში სერიალი “აისი” გამოჩნდება. ონლაინ სერიალის 4-წუთიანი ეპიზოდები კვირაში ერთხელ ლაივ რეჟიმში განთავსდება სერიალის ფეისბუკ გვერდზე .  სერიალზე ფორმულა კრეატივის შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობს.

სერიალის სცენარი “ჩემი ცოლის დაქალებისა” და “ხელოვნური სუნთქვის” სცენარისტს, ქეთი დევდარიანს ეკუთვნის, ხოლო რეჟისორი გიორგი ლიფონავაა.

სერიალის კომერციული პარტნიორი  ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიაა და, როგორც პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე ამბობს, სერიალის იდეის განხორციელებაც სწორედ კომპანიის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

“აისის” ფორმატსა და სცენარზე, მის შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარეზე ჯგუფი ორი თვეა მუშაობს. პირველ სეზონისათვის, ჯამში, 12 სერიის გადაღება იგეგმება. სერიალი აღწერს ახალგაზრდა მეგობრების ჯგუფის ცხოვრებას. თითო სერია თითო ისტორია იქნება, სერიალის სლოგანიც შესაბამისია: “ახალი დღე, ახალი ამბავი”.

როგორც საღინაძე ამბობს, პირველი ქართული ინტერნეტ სერიალისათვის ქრონომეტრაჟი ინტერნეტ სივრცის დაკვირვების შემდეგ შეარჩიეს. ფორმულა კრეატივი ინტერნეტ სერიალის  პრეცედენტს ქმნის საქართველოში.

“ინტერნეტ კონტენტს აქვს თავისი წესები. სტატისტიკურად, ინტერნეტში განთავსებულ პოპულარულ ვიდეოებს თუ დავაკვირდებით, მათი უმეტესობა გრძელდება 2-დან 5 წუთამდე.

სატელევიზიო სივრცე გაჯერებულია და ითხოვს ძვირიან პროდუქტს, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ალტერნატიული გზების ძიება და გამოჩნდა ეს საშუალება – ინტერნეტ სივრცე, რომელსაც ჰყავს ფართო აუდიტორია და აქვს თავისუფალი, შეუზღუდავი გარემო,” – ამბობს საღინაძე.

სერიალის პროდიუსერის თქმით, მართალია, სერიალის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდები იქნებიან, თუმცა დარწმუნებულია, რომ პერსონაჟების თავგადასავლები ყველა თაობისათვის საინტერესო იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი