ახალი ამბები

იანოშ ჰერმანი: ვუერთდები წუხილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხზე

2 ივნისი, 2017 • 2462
იანოშ ჰერმანი: ვუერთდები წუხილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხზე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე  ფაქტები დადგინდება და ეს საკითხი გაირკვევა:

“ვუერთდები იმ წუხილს, იმ გამონათქვამებს, რომლებიც გაკეთდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხზე ადამიანის უფლებების დამცველების და ჟურნალისტების მხრიდან. ჩვენ ვამბობთ, რომ ის აზერბაიჯანელია, მაგრამ საქართველოში ცხოვრობდა. ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს და ვიღებთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც საზოგადოებას აწვდიან მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პოლიტიკური პარტიები. თქვენ ახსენეთ მოლოდინი და მოლოდინი არის, რომ ფაქტები დადგინდება და ეს საკითხი გაირკვევა. მოლოდინის გარდა, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა კონტექსტთან დაკავშირებით. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი დაიცვას. ასე რომ, გვჯერა, მთავრობა ამ პრინციპის ერთგული დარჩება“, – განაცხადა ჰერმანმა 2 ივნისს თბილისში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მნიშვნელოვანი დეტალები: 

 

[checklist]

  • აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.
  • აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
  • თბილისში ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მესამე დღეა აქციებს მართავენ და ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვენ კითხვებზე, რომლებიც აფგან მუხთარლის საქმეზე არსებობს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

[/checklist]

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 01.07.2017

ყველა სტატია ამ თემაზე წაიკითხეთ აქ:  აფგან მუხთარლი 

მასალების გადაბეჭდვის წესი