ახალი ამბები

დეკანოზის ადვოკატები ქარჩავას ბრალდებებზე: ყველა სცენარს შორენა თეთრუაშვილი წერს

29 მაისი, 2017 • 3504
დეკანოზის ადვოკატები ქარჩავას ბრალდებებზე: ყველა სცენარს შორენა თეთრუაშვილი წერს

დეკანოზ მამალაძის ადვოკატების განცხადებით, საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ბრალდებები, თითქოს პეტრე ცაავას გიორგი მამალაძესთან და სოსო ოხანაშვილთან ერთად სურდა ილია მეორის მოკვდინება და დაკავებული დეკანოზი 50 მილიონი ლარის გათეთრებას აპირებდა, შორენა თეთრუაშვილის სცენარია.

დეკანოზ მამალაძის ადვოკატები აპირებენ, რომ ედიშერ ქარჩავას დეკანოზ გიორგი მამალაძის ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლონ: “მეუფე პეტრეს მაგივრად მე ვერ ვიჩივლებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი ადვოკატიც იმავეს გააკეთებს.”

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ედიშერ ქარჩავას არ აქვს უფლბა, ასეთი ბრალდებები აკეთოს, რადგან პროკურატურას გამოძიებაც კი არ დაუწყია მიტროპოლიტ პეტრეს რაიმე ბრალეულობაზე.

გიორგი ფნცულაიას თქმით, თეთრუშვილის გუნდი ცდილობს ყველა იმ პირის დისკრედიტაციას, ვისაც დეკანოზ მამალაძის უდანაშაულობის სჯერა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში ახალი სკანდალური ბრალდებები გაახმიანოს ქარჩავამ.

ადვოკატების თქმით, შორენა თეთრუაშვილის ჯგუფში, ედიშერ ქარჩავასთან ერთად, არის ქორეპისკოპოსი იაკობი და კიდევ რამდენიმე ეპისკოპოსი. ფანცულაია ვარაუდობს, რომ პატრიარქი საქმის კურსში არ არის, ან მას არასწორ ინფორმაციებს აწვდიან, რადგან გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ილია მეორე მზად იყო, გიორგი მამალაძეს დახმარებოდა.

დეკანოზის ადვოკატების განცხადებით, გრანტების მოძიებაზე ხელშეკრულება გიორგი მამალაძემ პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობით გააფორმა. გიორგი ფანცულაიამ და მიხეილ რამიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ილია მეორეს ხელმოწერით დამტკიცებული მინდობილობა და ხელშეკრულება წარუდგინეს მედიას, რომელიც ამ საკითხს ეხება. მათი თქმით, ამ დოკუმენტებით დასტურდება, რომ დეკანოზის ყველა ქმედება პატრიარქთან იყო შეთანხმებული, ხოლო ედიშერ ქარჩავს ბრალდებები, თითქოს 50 მილიონი ლარის გათეთრებას აპირებდა მამალაძე, სიცრუეა.

პატრიარქის ხელმოწერილი მინდობილობა დეკანოზ მამალაძეს

ადვოკატების განცხადებით, პირადად პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობით, დეკანოზს შეეძლო ყველა იმ საკითხზე შესაბამისი სამართლებრივი ქმედებების განხორციელება, რაც დაკავშირებული იყო კლინიკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასთან. როგორც მიხეილ რამიშვილის ამბობს, ამ დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ილია მეორე ყველაფრის საქმის კურსში იყო:

“ამასთან, გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი უკრაინის მოქლაქე სერგეი ჯანგოვთან, სადაც მითითებულია, რომ თანამშრომლობის მიზანი იყო კლინიკის საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრის სრული რეკონსტრუქცია, ინვენტარით და დანადგარებით აღჭურვა. როცა ბატონი ედიშერ ქარჩავა ბრძანებს, თითქოს სერგეი ჯანგოვთან ჰქონდა საერთო ინტერესები მამა გიორგი მამალაძეს და უნდა მომხდარიყო ფულის გათეთრება, არის სიცრუე. სერგეი ჯანგოვს არაერთხელ ჰქონია ურთიერთობა ლტოლვილთა და განსახლების ყოფილ მინისტრ დავით დარახველიძესთან, სოციალური საკითხებზე და ამ შემთხვევაში სერგეი ჯანგოვი იყო შუამავალი დონორებთან.”

მიხეილ რამიშვილის თქმით, კლინიკისთვის უნდა მოძიებულიყო 10 მილიონი დოლარი და ამასთან ერთად მიმდინარეობდა სხვა პროექტებიც, მათ შორის, სკოლების პროექტების დამუშვებაც. როგორც ადვოკატები ამბობენ, პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობით გაფორმდა ხელშეკრულება გრანტების მოძიებაზე, რაც დაფიქსირებულია ნორტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტში. მათი თქმით, ეს ფიქსირდება იმ ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდა 10 მილიონზე, თუმცა ეს თანხა არ გადმორიცხულა. როგორც მიხეილ რამიშვილი ამბობს, ხელშეკრულებაში დეტალურად იყო გაწერილი, თუ რაში უნდა დახარჯულიყო მოძიებული თანხები.


მართლმადიდებელი ეკლესიის იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ, 23 მაისს” განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ფულის გათეთრება სურდა. როგორც ქარჩავა ამბობს, ესპანეთში გახსნილი კომპანიის მეშვეობით უკანონო 50 მილიონი ევროს ოდენობის ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო, ხოლო ტრანზაქციის “თავმჯდომარე” იყო დეკანოზი გიორგი მამალაძე. საპატრიარქოს იურისტის თქმით, ეს უნდა გაკეთებულიყო ეკლესიის გამოყენებით, რაც დააზარალებდა როგორ საპატრიარქოს, ისე სახელმწიფოს. მისი განცხადებით, არსებობს ხელშეკრულება, რომელზეც ხელს აწერს მამალაძე. ქარჩავა ამბობს, რომ ეს მტკიცებულებები საპატრიარქოში აღმოჩნდა, ეს დოკუმენტი მას ხელთ არ გააჩნია, მაგრამ აქვს ერთ პიროვნებას, რომელიც საეკლესიო წრეს მიეკუთვნება.

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა დღეს უკვე იმას ამტკიცებს, რომ მიტროპოლიტ პეტრეს ილია მეორის დაღუპვის სურვილი აქვს და არსებობს შესაბამისი გეგმაც, რომლის მონაწილეებიც არიან პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. მისი თქმით, ბრალდებები არ შეუთანხმებია პატრიარქთან, რადგან “მამის დასაცავად ლოცვა–კურთხევა არ სჭირდება.” თუმცა, ქარჩავა ამბობს, რომ საპატრიარქოში კულუარულად ყველამ ყველაფერი იცის.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა კი ამბობს, რომ ქარჩავას მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ცილისწამებაა. როგორც მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, მას არ უდა დაიჯეროს, რომ ამ ცილისწამებლური კამპანიის უკან ილია მეორე მოიაზრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი