ახალი ამბები

საპატრიარქოს იურისტი: მეუფე პეტრეს პატრიარქის მოკვდინების სურვილი აქვს

29 მაისი, 2017 • 3636
საპატრიარქოს იურისტი: მეუფე პეტრეს პატრიარქის მოკვდინების სურვილი აქვს

“მას [მიტროპოლიტ პეტრეს] სურვილი აქვს პატრიარქის მოკვდინების, მკვლელობის კი არა, მოკვდინების”, –  ეს განცხადება საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ნეტგაზეთთან საუბარში გააკეთა.

ქარჩავა ამტკიცებს, რომ მიტროპოლიტ პეტრეს ილია მეორის დაღუპვის სურვილი აქვს და არსებობს შესაბამისი გეგმაც, რომლის მონაწილეებიც არიან პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

“პირდაპირ მეუფე დიმიტრის არ აქვს არანაირი კავშირი. არაპირდაპირ თუ ჩავთვლით, რომ მისი სიძე არის ამ ჯგუფის წევრი, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მისი სიძე მონაწილეობს ამაში. სხვა მხრივ, რაიმე პრეტენზია არ გამაჩნია მეუფე დიმიტრის მიმართ”, – ამბობს ქარჩავა.

კითხვას, სხვა ადამიანებიც არიან თუ არა “გეგმის მონაწილენი”, მათ შორის სინოდის წევრები, ქარჩავა პასუხობს:

“ეს გამოჩნდება საქმის ვითარებიდან გამომდინარე”.

ნეტგაზეთმა ქარჩავასთან სცადა დაეზუსტებინა, რას ნიშნავს „მოკვდინების სურვილი” და ადანაშუალებს თუ არა მეუფე პეტრეს იმაში, რომ პატრიარქის მკვლელობას გეგმავს.

[მოკვდინება] ამ სიტყვის მნიშვნელობა, მისი ეტიმოლოგიური წარმოშობა კარგად იციან სასულიერო პირებმა და მეუფე პეტრემ. ამიტომ კარგი იქნება, თუ ის სიმართლეს იტყვის, რადგან, როგორც თვითონ აცხადებს, სიმართლისთვის მებრძოლია. მოკვდინება გულისხმობს როგორც ფიზიკურს, ასევე სხვანაირ სიკვდილსაც [სულიერს?], ყველაფერს ერთად გულისხმობს”, – ამბობს ქარჩავა.

ქარჩავას ვკითხეთ, რა მტკიცებულებები გააჩნია, რაც ამ განცხადებებს დაედო საფუძვლად.

“მე გამაჩნია ამის დასასაბუთებული მტკიცებულებები, უბრალოდ, ჯერ თავს შევიკავებ, სანამ თვითონ მეუფე არ გააკეთებს განცხადებებს. თუ არ გააკეთებს, მაშინ მე ვიტყვი”.

“მას ყველა შესაძლო ხერხით აქვს სურვილი, კათოლიკოს-პატრიარქი ჩამოაცილოს ტახტს, გაუქმდეს საქართველოში საპატრიარქო მმართველობა და დაწესდეს საკათოლიკოსო საბჭო, სინოდალური მმართველობა იყოს”, – აცხადებს ქარჩავა.

ეს მეუფე პეტრეს ზოგადი შეხედულებაა თუ გეგმაა, რომ პატრიარქი დაიღუპოს?

“ეს გეგმაა. გეგმის ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ მეუფე პეტრე, სოსო ოხანაშვილი, მამაო, რომელიც ციხეშიც ზის. ეს არის ჩემი ინფორმაცია, რომელსაც პირადად მე ვახმოვანებ”, – აცხადებს ქარჩავა.

“ის [მეუფე პეტრე] დღესაც მოქმედებს ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, დღესაც მოქმედებს პატრიარქის მოკვდინებისთვის”,-განმარტავს იურისტი.

ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ სამართალდამცველებისათვის არ მიუმართავს.

“პოლიციასთან ეს არაფერს კავშირში არ არის. ეს არის უფრო გლობალური თემა, რომელიც ეკლესიას ეხება და არა პროკურატურას”, – ამბობს ქარჩავა.

ნეტგაზეთი ცდილობს მიტროპოლიტ პეტრესთან დაკავშირებას. მან ჩვენი შეტყობინება ნახა, თუმცა ჯერჯერობით არ უპასუხია.

ედიშერ ქარჩავას ფეისბუკზე გამოეხმაურა მღვდელ-მონაზონი იოანე, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში მსახურობს:

“შორენას დავალებებმა [ედიშერ ქარჩავას] მთლად აურია კვალი, ახლა მიადგა მეუფე პეტრეს, ხვალ თავად პატრიარქს მიადგება და იტყვის, ,,თავის მოკვლა უნდოდაო”, ასეთი განცხადებებით მთავარი აზრის დაფარვა სურთ, შორენას სიბინძურის ჩამორეცხვა და „პრესტიჟის“ შენარჩუნება…”, – ამბობს მღვდელ-მონაზონი იოანე.

განახლება 14:45 – ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ამბობს, რომ ედიშერ ქარჩავას მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ცილისწამებაა. როგორც მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, მას არ უდა დაიჯეროს, რომ ამ ცილისმწამებლური კამპანიის უკან ილია მეორე მოიაზრება.

“ის [ედიშერ ქარჩავა] ახმოვანებს საპატრიარქოს არაფორმალური მმართველის, პატრიარქის მდივნის [შორენა თეთრუაშვილი] ხმას. მისი იურისტია. ღმერთმა დაიფაროს პატრიარქი [ასეთ დეზინფორმაციის]მ არავითარ შემთხვევაში არ მინდა დავიჯერო, რომ მსგავსი ცილისმწამებლური კამპანიის უკან საქართველოს პატრიარქი მოიაზრებოდეს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

გადაცემის წამყვანის, დიანა ტრაპაიძის შეკითხვას, როგორი იქნება მისი შეფასება, თუ ილია მეორე საპატრიარქოს იურისტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს არ გაემიჯნება, მიტროპოლიტი პეტრე პასუხობს:

“ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ ამ უსამართლობის უკან სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი მოიაზრება, რა თქმა უნდა, ესეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი